რუსეთის ჯარებმა კიევს რაკეტებით და დრონებით 2 ივლისს დაარტყეს.
დაიღუპა და დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაინგრა და დაზიანდა ათეულობით სახლი და სხვა შენობები.
კიევში განადგურებულ ობიექტებს შორისაა „წითელი ჯვრის" ლოგისტიკის ცენტრი, სადაც ორგანიზაციის ინფორმაციით, დაიწვა ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი 320 ათასი ერთეული ნივთი და 1,8 მილიონი დოლარის ღირებულების დანადგარები, მათ შორის სამედიცინო და გენერატორები.
რუსეთის დარტყმის შედეგად კიევში 2 ივლისს განადგურებული „წითელი ჯვრის" ლოგისტიკის ცენტრი
2 ივლისს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ცხედარი ამოიტანეს. ღამის 12 საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ დაღუპულია 27 ადამიანი. დაშავდა 90-ზე მეტი.
განახლება: მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 3 ივლისს დილის რვა საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ნანგრევებში ნაპოვნია კიდევ სამი ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ
570 რაკეტა და დრონი - უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე კიევი იყო2 ივლისს, კიევზე მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების პასუხად“ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და ენერგოობიექტებს.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 2 ივლისს უკრაინაზე მასირებული შეტევისას, რომლის ძირითადი სამიზნე დედაქალაქი კიევი იყო, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 74 რაკეტა და 496 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 48 რაკეტა და 476 დრონი მოიგერიეს.
2 ივლისს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი საშუალებების დეფიციტი აქვს და აშშ-ს და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას დაეხმარონ საჰაერო თავდაცვის სისტემებით Patriot-ი.
ასევე ნახეთ
კაია კალასი კიევზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს- უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
- რუსეთის რეგიონებში ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.
უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.