სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 6 ივლისს სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. ფაშინიანი ქალაქ ეკატერინბურგშია.
ეს რუსეთში ფაშინიანის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ ივნისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრორუსული ძალები დაამარცხა და ხელისუფლება შეინარჩუნა, რუსეთმა კი არაერთი სომხური პროდუქტის იმპორტი აკრძალა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში და რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს შეხვდება.
ეკატერინბურგში დაგეგმილია ფაშინიანის შეხვედრები ბელარუსის და ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებთანაც.
ასევე ნახეთ
სომხეთმა მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას ზღუდავს- აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ სომხეთის მთავრობამ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, რუსეთისგან დისტანცირების პოლიტიკა აირჩია.
- ბოლო პერიოდში სომხეთმა ევროკავშირსა და აშშ-თან დაახლოება დაიწყო, რაც მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს.
ასევე ნახეთ
„ერთდროულად ორ ქორწილში ცეკვა სომხეთს არ გამოუვა“ - რუსი დიპლომატი2026 წლის მაისიდან, რუსეთმა ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევის საბაბით დაიწყო სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვა.
პირველ ეტაპზე აიკრძალა სომხეთიდან ყვავილების, ბოსტნეულის და ხილის გარკვეული სახეობების და თევზის შეტანა. მარკირების წესის დარღვევის საბაბით აკრძალეს მინერალური წყლის, „ჯერმუკის" იმპორტი. შეზღუდვა შეეხო სომხეთის რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებულ ალკოჰოლურ პროდუქციასაც.
სომხეთში 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის მიერ პრორუსული ძალების დამარცხებისა და ხელისუფლების შენარჩუნების შემდეგ რუსეთმა გამოაცხადა, რომ აკრძალა სომხეთიდან მთელი „საკარანტინო" პროდუქციის შეტანა.
2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერევანში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე ევროკავშირი სომხეთს გაუწევს ფინანსურ და სავაჭრო დახმარებას.
ევროკავშირი აპირებს საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლოს სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80% - ხილი, ბოსტნეული და სასმელები. ვაჭრობის დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად სომხეთი ევროკავშირისგან მიიღებს დამატებით 80 მილიონი ევროს დახმარებას.