სირიის დედაქალაქში აფეთქებები მოხდა სასტუმროსთან, სადაც მაკრონმა შეხვედრა გამართა

სირიის დედაქალაქ დამასკის რაიონი, სადაც 7 ივლისს ორი აფეთქება მოხდა

სირიის დედაქალაქ დამასკში ორი ბომბი აფეთქდა სასტუმრო Four Seasons-ის მახლობლად, სადაც მანამდე შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან პირველი ლიდერია, რომელიც სირიას ეწვია ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, მაკრონი სასტუმრო Four Seasons-ში შეხვდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტს აფეთქებების ხმა არ გაუგია და მალე სირიის პრეზიდენტ ალ-შარაასაც შეხვდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და სირიის პრეზიდენტი ალ-შარაა(მარჯვნივ). დამასკი, 2026 წლის 7 ივლისი

ორი ბომბი აფეთქდა სირიის ტურიზმის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის. სასტუმრო Four Seasons-ი გზის მეორე მხარეს მდებარეობს. აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა სასტუმრო დატოვა და კორტეჟი სირიის პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართა.

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი.

სირიაში არაერთი დაჯგუფება მოქმედებს. აფეთქების ორგანიზატორი ჯერჯერობით უცნობია.