უკრაინა აგრძელებს რუსეთის ნავთობობიექტებზე დარტყმებს - "დიდი ხანია, რუსეთს შევთავაზეთ ამ ომის დასრულება"

ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი ნიჟნეკამსკში (თათრეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) უკრაინის თავდასხმის შემდეგ, 8 ივლისი, 2026.

"დიდი ხანია, რუსეთს შევთავაზეთ ამ ომის დასრულება და მისი გაჭიანურების ყოველმა დღემ უნდა მოიტანოს ომის რეალობის შეგრძნება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო - რუსეთში", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე ბოლო დღეებში განხორციელებულ დარტყმებზე, როგორც ის უწოდებს - "შორი მანძილის სანქციებზე".

9 ივლისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაწერა:

„რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებისა და დარტყმების პასუხად, ჩვენი მეომრები ახორციელებენ შორი მანძილის სანქციების გეგმას. ბოლო დღეებში განხორციელდა მნიშვნელოვანი წარმატებული დარტყმები ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის ნავთობის კომპლექსს და მის ომის პოლიტიკას".

ასევე ნახეთ

ქარხნები ბრიანსკში, ნავთობის საცავი ბელგოროდში - უკრაინამ რუსეთზე დარტყმის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა ორ ნავთობბაზაზე სტავროპოლსა და ტვერში, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 500 კილომეტრით არის დაშორებული; აგრეთვე - საწვავის შემნახველ ობიექტზე, ფრონტის ხაზიდან 800 კილომეტრში და ნავთობსაქაჩ სადგურზე, საზღვრიდან 1500 კილომეტრში, "დასანქცირდა აგრეთვე ნავთობის ჩატვირთვის ტერმინალი როსტოვის ოლქში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრზე მდებარეობს", - წერია ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუკის გვერდზე.

ასევე ნახეთ

ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას მისცემს ლიცენზიას Patriot-ის რაკეტების საწარმოებლად

8 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომლისგანაც მიიღო დაპირება Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე უკრაინისთვის ლიცენზიის გადაცემის შესახებ.

დონალდ ტრამპს ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე:

„ეს ესკალაციაა, მაგრამ მას შეუძლია დახმარება გასწიოს და გამოიწვიოს [უკრაინაში ომის] დასრულება".

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინისთვის შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს რუსეთთან მოლაპარაკების პირობები.

7-8 ივლისს ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე განხილვის უმთავრესი საკითხები იყო უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და ევროპის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.

ნატოს ანკარის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა:

"უკრაინას შეაქვს წვლილი ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინისთვის ჩვენს განუხრელ მხარდაჭერაში, მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ევროპელი მოკავშირეები და კანადა აფინანსებენ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უდიდეს ნაწილს ორმხრივ და მრავალმხრივ რეჟიმში. მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი გრძელ ვადაზე გათვლით. 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინას დაჰპირდნენ70 მილიარდ ევროს სამხედრო ტექნიკის, დახმარებისა და წვრთნისთვის და განამტკიცეს თავიანთი სუვერენული ვალდებულებები - მინიმუმ იმავე დახმარების შენარჩუნებაზე 2027 წელს. მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას "უკრაინის მხარდაჭერის სესხის" ფარგლებში უკრაინისთვის მრავალწლიანი დაფინანსების შეთავაზებაზე".

ასევე ნახეთ

დმიტრო კულება Patriot-ების დეფიციტზე, პოლონეთთან კრიზისზე და ზელენსკი-ბუდანოვის პარტნიორობაზე


ასევე ნახეთ

როგორ შეცვალა გაციფრულებამ და ხელოვნურმა ინტელექტმა ომი უკრაინაში