„გაქრობას არ მივესალმები“ - როგორ წაშალეს და ისევ დააბრუნეს ხარაგაულის საკრებულოს ფოტოზე ჟურნალისტი თავისი ბლოკნოტით

საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი

6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებული ოფიციალური ფოტოდან „გააქრეს“ გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი, ნინო კაპანაძე, რომელიც სხდომის დროს მერის პირველი მოადგილის გვერდით იჯდა.

რატომ გადაწყვიტა საჯარო უწყებამ ოფიციალური ფოტოდან ჟურნალისტის წაშლა, ეს იყო უბრალოდ ფოტოს რედაქტირება, თუ მცდელობა ოფიციალური კადრიდან არასასურველი ადამიანის გაქრობის? რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, რა მოხდა ხარაგაულში, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ გაახსენა ამ შემთხვევამ ადამიანებს ფოტოების დაცენზურების საბჭოთა პრაქტიკა.

რა ხდებოდა საკრებულოს სხდომაზე?

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტები ლაურა გოგოლაძე და ნინო კაპანაძე რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩვეულებრივ ჩატარდა და იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. „ჩვენ სისტემატურად ვესწრებით ამ სხდომებს და ვაშუქებთ - ეს ჩვენი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია“, - ამბობენ ჟურნალისტები.

„ჩემი ხარაგაული“ ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიაა, რომელიც 1998 წლიდან მუშაობს ხარაგაულში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს აშუქებს. გამოცემის ინფორმაციით, წლების განმავლობაში მისი საქმიანობა მკითხველების მხარდაჭერითა და გრანტებით ფინანსდებოდა, ახლა კი მკითხველებისა და „სინათლე მედიის“ მხარდაჭერით განაგრძობს ფუნქციონირებას.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელიც ესწრება. ის შეხვედრების დროს ფოტოებს იღებს და შემდეგ სოციალურ ქსელებში აქვეყნებს.

„დარბაზში ყველას თანაბრად და ერთნაირად კი არ უღებენ, არამედ შერჩევით. წლებია, ასეთი ტენდენციაა, არა მხოლოდ ჩვენზე, სხვა ადამიანებზეც ვრცელდება. უკვე ჩვენ მიჩვეული ვართ ამ სიტუაციას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლაურა გოგოლაძე, თუმცა, მისი თქმით, ეს შემთხვევა ყველაფრისგან განსხვავდებოდა. „სოციალურ ქსელში რომ შევედი, ვნახე საკრებულოს გვერდზე დადებული ფოტო, სადაც ნინო კაპანაძე, რომელიც ერთი წამით არ ამდგარა სხდომის მიმდინარეობის დროს, აღარ ზის და აღარ არის ფოტოზე.“

სოციალურ ქსელში ფოტოს ნახვისთანავე, ჟურნალისტმა ის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს, გაუგზავნა. „ალბათ, 10 წუთში უკვე შეცვლილი იყო ფოტო“, - იხსენებს ლაურა გოგოლაძე. მისივე თქმით, ამის შემდეგ საკრებულომ გამოაქვეყნა ფოტოს ახალი ვერსია, რომელშიც „გამქრალი“ ჟურნალისტი ისევ უკან „დააბრუნეს".

ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ ხარაგაულის საკრებულოში სხდომები ტარდება თავმჯდომარის კაბინეტში, სადაც ისედაც პატარა სივრცეა და მედიის წარმომადგენლებისთვის ცალკე ადგილი გამოყოფილი არ არის, ამიტომ სხდებიან იქ, სადაც თავისუფალი ადგილია ან სადაც მიუთითებენ.

6 ივლისსაც ნინო კაპანაძემ სწორედ ასე დაიკავა ადგილი მერის პირველი მოადგილის გვერდით.

„შემოვიდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი და მისთვის სკამი აღარ იყო. მიხვდა, რაშიც იყო საქმე - ეს პირველი შემთხვევა არ არის, ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა. ნინოს ვერ ეტყოდა, რატომ ზიხარ ჩემს სკამზეო, რადგან იცოდა, რომ ეს ადგილი საკრებულოს თავმჯდომარემ მიუჩინა. საბოლოოდ მისთვის სკამი შემოიტანეს, დაუდგეს და ნინოს გვერდით დაჯდა.“

ფოტოდან „წაშლილი“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამბობს, რომ არ ფიქრობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინმეს პიარსამსახურისთვის პირდაპირ დაევალებინა ფოტოს შეცვლა ან მისი ფოტოდან გაქრობის გადაწყვეტილება ერთ კონკრეტულ ადამიანს მიეღო. „ასეთმა დამოკიდებულებამ ხელისუფლების მხრიდან - რომ ეს უნდა ჩამოჭრა, ეს არ უნდა ჩანდეს ფოტოზე, - პიარსამსახურები და ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ფეისბუკის გვერდებზე თუ ვებგვერდებზე ფოტოებს და ინფორმაციას ათავსებენ, ამ დონემდე მიიყვანა. მათ უკვე ადამიანების წაშლის აბსურდული სურვილი ავტომატურად უჩნდებათ.“

მისი შეფასებით, ეს შემთხვევა უფრო იმ დამოკიდებულების გამოხატულებაა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მედიის მიმართ. „ეს არის შედეგი ხელისუფლებისგან ჟურნალისტების პერმანენტული და სისტემური შევიწროების. ამ დამოკიდებულების, რომ სკამს არ გახვედრებენ, სამუშაო პირობებს არ გიქმნიან, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მიხვიდე, კითხვა არ დასვა, ზეწოლას ახდენენ, ფსიქოლოგიურია ეს თუ როგორი სახითაც.“

ჟურნალისტი გვეუბნება იმასაც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კადრიდან „არასასურველი ადამიანი“ გააქრეს. „ყოფილა შემთხვევები, როცა ვმსხდარვართ ვიღაცის გვერდით და ფოტოში აღარ ვჩანვართ. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, ვინც ზოგადად ხელისუფლებას არ მოსწონს. ადამიანებს უთქვამთ ჩვენთვის, რომ, მაგალითად, ღონისძიებაზე გადაღებული ფოტო ატვირთეს და შემდეგ, როცა ადამიანი არ მოეწონათ, მისი გამოსახულებიანი ფოტო წაშალეს.“

რადიო თავისუფლება კომენტარისთვის დაუკავშირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე წარმომადგენელს - მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს.

მერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ფოტოები არ უნახავს. საუბრის დასრულების შემდეგ მას ეს ფოტოები გავუგზავნეთ.

„რასაც თქვენ მეუბნებით, მოსაწონია-მეთქი, ვერასოდეს ვერ ვიტყვი…ძალიან ცუდი, ჟურნალისტების გაქრობას არ მივესალმები არანაირად, პირიქით, მე ძალიან მსიამოვნებს მედიასთან ურთიერთობა და არც არასოდეს ვერიდები მათთან კომუნიკაციას და ფაქტიც სახეზეა - გესაუბრებით. შემეძლო მეთქვა, რომ კომენტარს არ გავაკეთებ-თქო, მაგრამ გესაუბრებით.“

მერის თქმით, მერია, ისევე როგორც საკრებულო, ყოველთვის თანამშრომლობს „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებთან - „ჩემი ხარაგაული“ საკრებულოს ყველა სხდომას ესწრება, მერთან კომუნიკაცია არ უჭირთ, მოდიან, კითხვებს სვამენ, ინტერვიუებსაც წერენ. პატარა მუნიციპალიტეტი ვართ და ვცდილობთ, რომ წარმატებული ვიყოთ ყველა მიმართულებით. არ გვინდა, რომ დამაზიანებელი ფაქტები არსებობდეს. რატომ უნდა ეგონოს ვინმეს, რომ ხარაგაულში რაღაც არასწორად ვითარდება?“

ხარაგაულის მერს ასევე ვკითხეთ, რატომ არ არის საკრებულოს სხდომებზე ჟურნალისტებისთვის ცალკე სამუშაო სივრცე გამოყოფილი. „ჩვენ უკვე რეაბილიტაცია მოვახდინეთ მერიის შენობაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცის, აღჭურვა დაგვრჩა გასაკეთებელი და აღჭურვას გავაკეთებთ თუ არა, უკვე იქ ყველას თავისუფალი სივრცე ექნება და შესაბამისად გადაღებაც მოხდება, ჩაწერაც მოხდება და პირდაპირი ტრანსლაციაც მოხდება", - გვიპასუხა კობა ლურსმანაშვილმა.

რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ფოტოდან ამოშლილი ჟურნალისტის გვერდით იჯდა. ჟურნალისტების თქმით, სწორედ მასთან კომუნიკაციის შემდეგ შეიცვალა ოფიციალურ ფოტოზე გამოქვეყნებული კადრი და აღდგა ჟურნალისტის გამოსახულება.

ვარლამ ჭიპაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხა. მან განაცხადა, რომ „დეტალებში არ შემოვიდოდა და საკითხთან დაკავშირებით შეგვეძლო მიგვემართა საკრებულოსთვის“.

ცენზურის საბჭოთა გამოცდილება - როცა ადამიანები ფოტოებიდან ქრებოდნენ

ხარაგაულის საკრებულოს ფოტო ერთ კონკრეტულ შემთხვევას ასახავს, თუმცა მისმა რედაქტირებამ ბევრს გაახსენა საბჭოთა კავშირის დროინდელი ფოტოცენზურის პრაქტიკა, როდესაც ფოტოები მხოლოდ მომხდარის ჩანაწერი არ იყო - მათი შეცვლით საბჭოთა რეჟიმი აკონტროლებდა, როგორ უნდა დამახსოვრებოდა საზოგადოებას წარსული და მისი მონაწილეები. ამ პრაქტიკის შესახებ რადიო თავისუფლებას საბჭოთა წარსულის მკვლევარი რუსიკო კობახიძე ესაუბრა.

დარედაქტირებული ფოტო

მკვლევარი გვიყვება, რომ „ეს იყო მეხსიერების პოლიტიკა - მეხსიერებიდან გამქრალიყვნენ ადამიანები, რომლებიც ხალხის მტრად მოიაზრებოდნენ, რომლებიც რეჟიმს დაპირისპირებულები იყვნენ ან არ იყვნენ, მაგრამ რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ისინი ან დაეხვრიტა, ან გაესამართლებინა. ძალიან ცნობილი ფოტოა სტალინი, მოლოტოვი, ჟუკოვი და ბოლოს ყველა ქრება სტალინის გვერდიდან და რჩება მხოლოდ ის.“

დარედაქტირებული ფოტო

„იყო ძალიან ცნობილი შემთხვევაც - ფოტო, სადაც ლენინი სიტყვით გამოდის და მის გვერდით ტროცკი დგას. მოგვიანებით, როდესაც ტროცკი საბჭოთა რეჟიმის მტრად გამოცხადდა, მისი გამოსახულება ფოტოდან ამოიღეს და კადრში მხოლოდ ლენინი და ხალხი დარჩა.“ რუსიკო კობახიძე იხსენებს, რომ ეს პრაქტიკა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ადამიანების ფოტოდან გაქრობით - ზოგჯერ ქრებოდა მათი სახელებიც. მკვლევარი იხსენებს, რომ, მაგალითად, ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ გამოცემებში მის სახელსა და გვარს ან ცვლიდნენ ან შლიდნენ.

ლენინის სიტყვით გამოსვლა

„ზოგჯერ ოჯახის წევრებიც კი ანადგურებდნენ იმ ადამიანების ფოტოებს, რომლებიც „ხალხის მტრად“ იყვნენ გამოცხადებული. ეს შიშით იყო გამოწვეული - მათ ეშინოდათ, მაგრამ დღევანდელ დღეს ასეთი ქმედება უბრალოდ განწირულია.“

საბჭოთა წარსულის მკვლევარმა ჩვენთან ინტერვიუში პარალელი გაავლო სასამართლო პროცესებზე გადაღების აკრძალვის შემთხვევასთანაც. „ვიზუალურად არ უნდოდათ, რომ დაენახა ხალხს ეს ადამიანები, უნდოდათ, რომ დაგვიწყებოდათ. როდესაც მუდმივად არ უყურებ პირდაპირ ეთერში ამ სახეებს, ასე ფართო მასებისთვის აღარ არის მისაწვდომი და ამიტომ აირჩიეს ეს გზა და რომ არ ყოფილიყო თვალსაჩინო, როგორ უსამართლო გადაწყვეტილებებსაც იღებენ.“