კობახიძე: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ ქვეყნის ღალატია

ირაკლი კობახიძე

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების გეგმას, რომელიც ქვეყანაში პროტესტსა და სანქციებს გულისხმობს, მტრულ საქმიანობას უწოდებს.

„საქმე არის აღძრული ზუსტად ამ მიდგომასთან [შიგნით აქცია, გარეთ - სანქცია] დაკავშირებით. ეს არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც ფართო გაგებით არის დანაშაულებრივი მიდგომა. ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო ორგანოები. ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მის ამ განცხადებამდე ერთი საათით ადრე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში დაწერა სტრატეგიის შესახებ, რომელიც „შიგნით აქციას, გარეთ სანქციას“ გულისხმობს.

გასული წლის 6 ნოემბერს, რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებებისა თუ პარტნიორებთან კომუნიკაციის გამო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ აღძრა.

რას ედავებიან პოლიტიკოსებს

  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტის, „სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ“ და „თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“;
  • ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სანქციებისთვის აწვდიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მონაცემებს - „შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“;
  • ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“;
  • მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ვიდეომიმართვებით, რომლებიც ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით, „მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ“.

ასევე ნახეთ

HRW - საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაუზარდონ ფასი რეპრესიებისთვის

ასევე ნახეთ

“საბოტაჟის საქმის” განხილვა დაჩქარდა - რატომ?

პოლიტიკოსებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:

  • მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
  • ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
  • ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
  • ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.

ასევე ნახეთ

ირანულ დრონებზე ხოშტარიას საჯაროდ გამოთქმული ეჭვი პროკურატურამ სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებად მიიჩნია