Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW - საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაუზარდონ ფასი რეპრესიებისთვის

სპეცრაზმი საპროტესტო აქციის დაშლამდე, 28 ნოემბერი, 2024.
სპეცრაზმი საპროტესტო აქციის დაშლამდე, 28 ნოემბერი, 2024.

9 ივლისს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩმა" (HRW) გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის შედეგებზე - "საქართველო: ახალი კანონები ანადგურებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ჯგუფებს. დაფინანსებაზე კონტროლი, სისხლისსამართლებრივი გამოძიებები აძლიერებს შეტევას სამოქალაქო საზოგადოებაზე".

"საქართველოს ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების გამოყენება ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას და ახშობს კრიტიკულ ხმას", - აცხადებს HRW.

ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის შემდეგ საქართველოს მმართველმა პარტიამ მიიღო კანონები, რომლებიც აწესებს "მასტიგმატიზებელ რეგისტრაციის მოთხოვნას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევითი ხასიათის ზედამხედველობას, დაფინანსების შეზღუდვას და სისხლისსამართლებრივ სასჯელს უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ინდივიდებსა და მედიაზე".

HRW ჩამოთვლის ზომებს, რომლებსაც "ქართულმა ოცნებამ" მიმართა ახალი კანონების მიღების კვალდაკვალ: "ხელისუფლებამ აგრეთვე წამოიწყო გამოძიებები აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოური მედიისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო, ცნობილ სამოქალაქო ჯგუფებს დაუყადაღა საბანკო ანგარიშები, საეჭვო გამოძიების საფუძველზე, რომელიც 2024 წლის საპროტესტო აქციებს მოჰყვა".

HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა განაცხადა:

„საქართველოს მთავრობის მიზანია კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, და ის შემაშინებელ პროგრესს აღწევს.

ხელისუფლება ქმნის სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელი ჯგუფები უსაფრთხოდ ვერ იმუშავებენ, ვერ შეინარჩუნებენ დაფინანსებას და ვერ დაეხმარებიან იმ თემებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ და რომლებიც მათზე არიან დამოკიდებული“.

"ჰიუმან რაითს უოჩი" ესაუბრა 15 ქართველ აქტივისტს, ადვოკატსა და არასამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომლებიც ჰყვებიან უკიდურესად მტრულ გარემოზე, რომელსაც აქვს მსუსხავი ეფექტი, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, იწვევს თვითცენზურას, თანამშრომლების გადინებას, ფინანსურ კოლაფსს და ზოგიერთ თემში მათგან დახმარების მიღების სურვილის გაქრობას.

HRW-მა გააანალიზა ახალი კანონები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტები, წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია მათ აღსრულებაზე. მივიღეთ ნაწილობრივი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის ოფისიდან და ზოგიერთი მონაცემი საქართველოს მთავრობისგან.

ორგანიზაციას ანგარიშში გაანალიზებული აქვს როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები, ისე მათი შემდგომი გამკაცრების დინამიკა და განხორციელების შედეგები:

"ჰიუმან რაითს უოჩი" იცნობს რამდენიმე შემთხვევას, როცა ხელისუფლებამ უცხოური გრანტის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთი იყო გაერთიანებული სამეფოს მიერ დაფინანსებული პროექტი - ოთხი ქართული ორგანიზაციის მიერ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად; უარი ეთქვა აგრეთვე დონორს, რომელმაც ითხოვა ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის მიერ მარგინალიზებული თემებისთვის ზიანის შემცირების სერვისების შეთავაზების დაფინანსება".

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში აგრეთვე წერია:

"ხელისუფლებამ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო დამოუკიდებელი ჯგუფების წინააღმდეგ. 2025 წლის მარტში მათ დაიწყეს სისხლისსამართლებრივი გამოძიება იმ ბრალდებით, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ 2024 წლის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები შეიცავდა სახელმწიფო „საბოტაჟის“ მცდელობებს. გამოძიება ეხება აგრეთვე უცხოური აქტორების „მტრულ საქმიანობაში“ შესაძლო დახმარებას, მათ შორის საქართველოზე „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებით, რომ გამოეწვიათ სანქციების დაწესება და „დაესუსტებინათ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირება“.

გამოძიების ფარგლებში, 2025 წელს ხელისუფლებამ დააყადაღა 12 დამოუკიდებელი ჯგუფის საბანკო ანგარიშები, რითაც მოახდინა მათი საქმიანობის პარალიზება. ერთ-ერთმა ცნობილმა ჯგუფმა განაცხადა, რომ 2024 წლის შემდეგ მიღებულ რეპრესიულ ზომებს შორის, „ქონების დაყადაღება ჩვენთვის ყველაზე მძიმე იყოო“. ამ ჯგუფმა მოახერხა შესაბამისი ფინანსების მობილიზაცია 2026 წლის ბოლომდე საქმიანობის გასაგრძელებლად, თუმცა აღარ გააჩნია წვდომა ფინანსებზე".

HRW-ს მოჰყავს 2025 წლის ბოლოს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული, გამოუქვეყნებელი კვლევის ზოგიერთი მიგნება. გამოკვლევა სამოქალაქო საზოგადოების 100 წარმომადგენელთან ინტერვიუს ეფუძნება და დადგინდა, რომ შესწავლილი ორგანიზაციების 96 პროცენტს ფინანსური სირთულეები ჰქონდა, 94-მა პროცენტმა შეამცირა საქმიანობა - ბევრმა მათგანმა საქმიანობის მასშტაბი შეზღუდა ან სრულად შეაჩერა.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ახალმა შეზღუდვებმა აიძულა, შეეჩერებინა უფასო იურიდიული დახმარება მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიადგა რეგიონულ ორგანიზაციებს. 2024 წელს ჯერ კიდევ აქტიური 114 სათემო ორგანიზაციიდან 2025 წელს მხოლოდ 37 აგრძელებდა საქმიანობას, ბევრი მათგანი დახურვის პირას იყო.

HRW აღნიშნავს, რომ ახალმა კანონებმა წამოჭრა პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკითხიც:

"შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის აქტივისტმა განაცხადა, რომ მისი ჯგუფი ფიქრობდა დარეგსტრირებას უცხოური გავლენის კანონის შესაბამისად, თუმცა შეწყვიტა ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ, რაც ნახა, რომ იუსტიციის სამინისტრო მოითხოვდა ბენეფიციარების პერსონალური და სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებას. „ასეთი ინფორმაციის გაზიარების არავითარი კანონიერი უფლება არ გაგვაჩნდა“, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

HRW-თან ქართული ორგანიზაციები ლაპარაკობენ აგრეთვე მზარდ თვითცენზურაზე, განსაკუთრებით ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ჯგუფები: "ქვიარ-ფემინისტური მედია პლატფორმა Grlz Wave-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ მისი ორგანიზაცია „თვითცენზურის რეჟიმზე გადაერთო“, განსაკუთრებით - ქვიარების საკითხებზე".

"ჰიუმან რაითს უოჩი" აცხადებს:

  • საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ უფრო უნდა გაზარდონ ფასი საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ რეპრესიული ზომების გაგრძელების გამო.
  • საქართველოს ხელისუფლებასთან ნებისმიერი დიპლომატიური ურთიერთობისას პროგრესისთვის საჭირო ცენტრალურ კრიტერიუმად უნდა დასახელდეს რეპრესიული კანონების სრულად გაწვევა.
  • ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ ანგარიშვალდებულება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, ერთსულოვნების მიღწევით ევროკავშირის დონეზე ტარგეტირებული სანქციების დასაწესებლად, მათ შორის იმ მაღალჩინოსანთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიული კანონების წამოყენებასა და განხორციელებაზე.
  • საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა სასწრაფოდ უნდა გააფართოონ მოქნილი, გადაუდებელი და გრძელვადიანი მხარდაჭერა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ჯგუფებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც შემზღუდავ პირობებში ან დევნილობაში აგრძელებს მუშაობას.


„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საქმიანობის საფრთხედ შერაცხვა“, - ამბობს უილიამსონი - „მათ უნდა გაიწვიონ რეპრესიული კანონები, შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები დამოუკიდებელი ჯგუფების წინააღმდეგ და ყადაღა მოხსნან ორგანიზაციების ქონებას, აღადგინონ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობის პირობები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG