„ხალხის ძალა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ სახელით მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო საქმიანობაზე, ის „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადავიდა.
„ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში“, - განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძემ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კოლეგის დაკავების შესახებ მედიიდან გაიგო:
„კოლეგები ვართ, კარგი ბიჭია და ვმეგობრობთ. გაგვიკვირდა... ვაჟკაცი ბიჭია, არ მგონია, რომ ეს ასე იყო. გამოძიება დაადგენს საბოლოო განაჩენს. მანამდე მიმდინარე პროცესია და ძალიან კარგად გესმით თქვენც ეს თემა. ბრალი წაყენებული აქვს, დამტკიცებული ხომ არ არის?!“
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია”.
„დგინდება, რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, - კონკრეტულად რა როლი ჰქონდა ცაგერის საკრებულოს დეპუტატს ამ სქემაში, შსს-ს მაღალჩინოსანს ამის შესახებ არ უსაუბრია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.