ნატო სტატუსს უფართოებს სამხედრო-საჰაერო ძალებს, რომლებიც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში პატრულირებენ. გამანადგურებელთა პილოტებს უფლება ექნებათ, ჩამოაგდონ საჰაერო სივრცის დამრღვევი დრონები და სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენენ. ამისათვის მათ პოლიტიკური თანხმობა არ დასჭირდებათ.
„ნატო ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების მისიას გარდაქმნის საჰაერო თავდაცვის მისიად, რაც ალიანსს მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს და საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად უპასუხოს საფრთხეს ჰაერიდან“, დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰნამ სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე. მან ასევე გამოაცხადა, რომ ესტონეთში ემარის საჰაერო ბაზა ახლა ნატოს ოფიციალური ოპერატიული ბაზა გახდება.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ERR-თან საუბართში თქვა, რომ ნატოს გამანადგურებლების პილოტებს „აღარ სჭირდებათ დედაქალაქთან დაკავშირება“. „სამეთაურო ცენტრი გასცემს მითითებას: პირველ რიგში, ჩვენ ვადგენთ მფრინავ ობიექტს, მაგალითად, რადარის გამოყენებით. შემდეგ პილოტი ვიზუალურად ამოიცნობს მას და როგორც კი დადასტურდება, რომ შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული თანმხლები ზიანი მიწაზე, აღარ არსებობს არავითარი შეზღუდვები, რომლებიც პილოტს ხელს შეუშლის ღილაკზე დაჭერაში“, თქვა მან.
ნატოს საჰაერო საპატრულო მისია ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში დაიწყო 2004 წელს, ალიანსში მათი გაწევრიანებისთანავე. გამანადგურებლები, როგორც წესი, ცაში ადიოდნენ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების გადასატაცებლად და ამოსაცნობად.
მაგრამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებში დრონებმა დაიწყეს შეფრენა. მაისსა და ივნისში ნატოს გამანადგურებლებმა ესტონეთისა და ლატვიის თავზე ჩამოყარეს კურსს აცდენილი უკრაინული დრონები. ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა უკრაინული დრონების ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადამისამართებაში, რათა ბალტიისპირეთის ქვეყნები დაედანაშაულებინა იმაში, რომ ისინი მონაწილეობენ რუსეთში მდებარე სამიზნეებზე თავდასხმებში.
მაისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინა ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებს ამზადებდა და რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინის არმიისთვის „საჰაერო დერეფანს“ უზრუნველყოფდნენ. მაშინ უწყება ლატვიას „სამართლიანი შურისძიებით“ დაემუქრა მიუხედავად მისი ნატოს წევრობისა. რიგამ უარყო ეს ბრალდებები.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ნატოს საჰაერო საპატრულო მისია განკუთვნილია მშვიდობიანი დროისთვისა, როდესაც გამანადგურებლები ინციდენტებზე რეაგირებენ თვითმფრინავების ესკორტირებით. „თუმცა, ის, რაც დღეს ხდება, სრულიად მშვიდობიანი სიტუაცია არ არის“, თქვა მან და დასძინა, რომ მისიის სტატუსის შეცვლა „ერთგვარ შეკავებას“ წარმოადგენს ბოლო დროს დრონების ინციდენტების შემდეგ. ადგილობრივი მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება „მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლიეტუვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს“.