2023 წელს რუსეთი საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩინეთთან, სამხედრო თანამშრომლობის შესახებ Starlink-ის თანამგზავრებთან ბრძოლაში. ეს ნათქვამია ერთობლივ გამოძიებაში, რომელიც ჩაატარეს გამოცემებმა The Insider, Der Spiegel და Le Monde.
გამოცემები ეყრდნობიან პრეზენტაციებს, რომლებიც 2023 წელს წარმოადგინეს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ ჩინეთ-რუსეთის მესამე ფორუმზე საბრძოლო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში, ასევე ორმხრივ სამუშაო პროტოკოლს, რომელსაც მოლაპარაკებების შედეგად მოსკოვში მოეწერა ხელი 2023 წლის ივნისში.
ამ დოკუმენტების თანახმად, რუსეთი და ჩინეთი განიხილავდნენ თანამშრომლობას კოსმოსური შეიარაღების საკითხებში, ასევე თანამგზავრების განადგურების პროცესში, საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო ტექნიკის, ავიაციისა და მეომრების მომარაგების სფეროებში.
Starlink-თან ბრძოლის გზად მოიაზრებოდა კიბერთავდასხმების მოწყობა სამოქალაქო მომხმარებელთა ტერმინალების მეშვეობით, ასევე თანამგზავრების ფიზიკური განადგურება ჩინეთის იაფი გარდამტაცების გამოყენებით. ამასთან, ჩინეთის მხარე გამოდიოდა იდეით, შექმნილიყო "ტექნიკური ალიანსი Starlink-ის წინააღმდეგ", რომელშიც სხვა "დაინტერესებულ" სახელმწიფოებსაც მიიწვევდნენ.
The Insider-ის ცნობით, მოსკოვში ხელმოწერილი პროტოკოლი მოწმობს რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულ შეთანხმებას, დაეწყოთ მუშაობა მაღალი სიხშირის საჰაერო თავდაცვისა და ანტისარაკეტო სისტემაზე, რომელსაც უნდა გადაეტაცა ამერიკული ჰიპერბგერითი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები და მანევრების განმახორციელებელი საბრძოლო ბლოკები.
ამ მოლაპარაკებების შედეგია, მაგალითად, ავტონომიური უპილოტო საფრენი აპარატი V2U, რომელსაც რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში იყენებს. მისი ბევრი კომპონენტი ჩინეთშია წარმოებული - ხელოვნური ინტელექტის მოდულის ჩათვლით.
სააგენტო Reuters-ი 8 ივლისს წერდა, რომ რუსეთის არმია რადიოელექტრონული ბრძოლის მძლავრი სისტემების გამოყენებით ცდილობს დაარღვიოს Starlink-ის მუშაობა. ამით რუსეთის არმიას სურს, უკრაინის დრონებს შეუშალოს ხელი დარტყმების განხორციელებაში.