კრემლი აკრიტიკებს ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ

„არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით“, - განაცხადა წინა დღით ილჰამ ალიევმა.

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აკრიტიკებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო და მას „მცდარს“ უწოდებს.

ილჰამ ალიევმა წინა დღეს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი უკრაინას არა „საჯაროობისთვის“, არამედ გულწრფელად ეხმარება, ხოლო უკრაინელებს მოუწოდა, „არასოდეს შეეგუონ ოკუპაციას“.

„მცდარად მივიჩნევთ“ - პესკოვი

14 ივლისს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ილჰამ ალიევის განცხადება ასე შეაფასა:

„უკრაინასთან დაკავშირებით მის პოზიციას ჩვენ მცდარად მივიჩნევთ. და ჩვენ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად ავხსნით ყველა არხით, თუ რატომ მივიჩნევთ მას არასწორად“.

„არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოებისა, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და რომლებიც იზიარებენ ამ პოზიციას, თუმცა ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. და დიახ, ეს ჩვენი უთანხმოების საგანია“, - თქვა პესკოვმა.

იქვე დასძინა, რომ „ეს არ არის მიზეზი, რომ ამ საკითხმა ჩრდილი მიაყენოს რუსეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებს“ და ისინი „პრაგმატულ მიდგომებს იცავენ“.

ილჰამ ალიევი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის ქალაქ ქაბალაში. 2026 წლის 25 აპრილი

„არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას“ - ალიევი უკრაინას

გუშინ, 13 ივლისს, ყარაბაღში, ქალაქ შუშაში მედიაფორუმზე ილჰამ ალიევმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„არა მგონია, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდებოდეს. თუმცა დღესაც იმავე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა. ის არ ეგუება ოკუპაციას, გასული წლის ძალიან რთული მომენტების მიუხედავად“.

მან კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას:

„აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“.

„არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით“, - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანი უკრაინას გაუწევს 2 მილიონი დოლარის დახმარებას
  • რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2024 წლის ბოლოს - მას მერე, რაც კატასტროფა განიცადა "აზერბაიჯანის ავიახაზების" კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ჩამოაგდეს საზენიტო ცეცხლით, რუსეთის თავზე.
  • ოქტომბრის დასაწყისში დუშანბეში გაიმართა შეხვედრა რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის.
  • მოლაპარაკებისას პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად და კომპენსაციების გაცემის პირობა დადო.
  • რუსეთის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა.
  • 2025 წლის 24 ოქტომბერს პუტინმა და ალიევმა ტელეფონით ილაპარაკეს.

ასევე ნახეთ

ბაქოს ტრიუმფი დუშანბეში: როგორ მოახდევინა ალიევმა ბოდიში პუტინს