ევროკავშირმა მოლდოვასთან გახსნა მე-6 კლასტერი, მონტენეგრო და ალბანეთი მოლაპარაკებების თავების დახურვას განაგრძობენ

ევროკავშირში გაწევრიანების მთავრობათაშორისი კონფერენცია მოლდოვასთან, 2026 წლის 14 ივლისი, ბრიუსელი

14 ივლისს ევროკავშირმა მოლდოვასთან გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერი, რომელიც მოიცავს საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვისა და ვაჭრობის საკითხებს.

მეექვსე კლასტერი აერთიანებს ევროკავშირის ფუძემდებლური კანონმდებლობის 30-ე და 31-ე მუხლებს. პირველი არეგულირებს ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკას, ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარებისთვის თანამშრომლობას, მოითხოვს ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მეორე - 31-ე მუხლი მოიცავს საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, მათ შორის, ითვალისწინებს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ პოზიციებთან, პოლიტიკურ განცხადებებთან, სანქციებთან შესაბამისობას.

მოლაპარაკებების განმავლობაში გაგრძელდება დაკვირვება მოლდოვის მიერ ამ საკითხებში პროგრესზე.

ერთი თვის წინ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირმა გაუხსნა მოლაპარაკებების პირველი კლასტერი. 15 ივლისსაც ორივე ქვეყანასთან გამართულ მთავრობათაშორის კონფერენციებზე გაიხსნა მე-6 კლასტერი.

14 ივლისსვე ბრიუსელში გაიმართა გაწევრიანების მეცხრე კონფერენცია ალბანეთთან, რომელიც შეუდგა მოლაპარაკებების პირველი თავების დახურვას - მეცნიერებასა და კვლევაზე, განათლებასა და კულტურაზე და საგარეო ურთიერთობებზე.

„მაისში კანონის უზენაესობაზე დაწესებული ნიშნულების შესრულების შემდეგ, ალბანეთმა დაიწყო მოლაპარაკებების პირველი სამი თავის დახურვა. ამ თავებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და ალბანეთისთვის. ეს აღსანიშნავი მიღწევა ადასტურებს ალბანეთის ერთგულებას ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი“, - განაცხადა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებსა და თავდაცვაში თომას ბირნმა.

ასევე ნახეთ

მაია სანდუ: შესაძლებლობის ფანჯრები იღება და იხურება. ჩვენი ღიაა ახლა

2026 წლის 26 მაისს გამართულ გაწევრიანების კონფერენციაზე ალბანეთს დაუდასტურდა მოლაპარაკებების პირველი კლასტერის („საფუძვლების“) დახურვა. აღნიშნული ეტაპი მოიცავდა დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო მმართველობის რეფორმას, კანონის უზენაესობის თავევსა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს.

ალბანეთს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში გახსნილი აქვს 33-ვე თავი.

14 ივლისს გაიმართა გაწევრიანების კონფერენცია მონტენეგროსთანაც, რომელიც შეუდგა კონკურენციის პოლიტიკასა და საბაჟო კავშირზე თავების დახურვას.

თომას ბირნის განცხადებით, „18 თავის ნაწილობრივ დახურვით - დასრულებამდე გზის ნახევარზე მეტის გავლით - მონტენეგრო ინარჩუნებს ლიდერობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“.

ერთ თვის წინ მონტენეგროს დაუდასტურდა სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებაზე და ჯანდაცვასა და მომხმარებლის დაცვაზე მუხლების ნაწილობრივ დახურვა.

ალბანეთის მსგავსად, მონტენეგროსაც მოლაპარაკებების ყველა თავი აქვს გახსნილი.

„ევროკავშირის გაფართოების “სუპერსამშაბათს“ მონტენეგრომ გადალახა მოლაპარაკებების თავების დახურვის შუაწელი“, - განაცხადა მონტენეგროს პრემიერმინისტრმა, რომელიც 14 ივლისს მონაწილეობდა ბრიუსელში გამართულ კონფერენციაში.

ასევე ნახეთ

გაფართოების "სუპერსამშაბათი" - ევროკავშირმა უკრაინას მე-6 კლასტერი გაუხსნა

„სუპერსამშაბათი“ კი 2026 წლის 14 ივლისის სამშაბათს უწოდა ევროკომისარმა მარტა კოსმა, როცა დილით უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-6 კლასტერის გახსნაზე, ევროინტეგრაციის პროცესში ამ კანდიდატი ქვეყნის მყარ პოზიციებსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ორმხრივ სარგებელზე ლაპარაკობდა. კოსმა აღნიშნა, რომ ერთ დღეში ოთხ კანდიდატ ქვეყანასთან გაწევრიანებაზე კონფერენციების გამართვა ამ დღეს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.