Financial Times-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინას უფლება მიეცა, ჩინური დრონების ნაწილები შეიძინოს ევროკავშირისგან თავდაცვის სესხით მიღებული თანხების გამოყენებით.
გაზეთის წყაროების ცნობით, კიევმა მიიღო ნებართვა, რომ ამ მიზნით გამოიყენოს ექვსი მილიარდი ევროს ოდენობის პირველი ტრანშის ნაწილი.
როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროკავშირის თავდაცვის წარმოებაში არსებულ ხარვეზებს და ჩინეთის როლს კონფლიქტის ორივე მხარის მომარაგებაში.
სესხის პირობების თანახმად, ევროკავშირის სახსრებით შეძენილი თავდაცვის პროდუქტები, ძირითადად, ერთიანი ბაზრიდან უნდა მოდიოდეს: უკრაინიდან ან დამტკიცებული პარტნიორებიდან. სხვა მოკავშირეებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ უფლებით, თუ ისინი ხელს მოაწერენ ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას. თუმცა, გამონაკლისი ასევე გათვალისწინებულია, თუ საჭირო პროდუქტების მიღება ამ ქვეყნებიდან საკმარისად სწრაფად ან საკმარისი რაოდენობით ვერ ხერხდება.
უკრაინამ მაისის ბოლოს ხელი მოაწერა და რატიფიცირება გაუკეთა უკრაინის მხარდაჭერის სესხის შეთანხმებას. ეს არის ევროკავშირის საკრედიტო ინსტრუმენტი, რომლის ღირებულება 90 მილიარდ ევრომდეა და 2026–2027 წლებისთვისაა გათვალისწინებული. ამ თანხიდან 60 მილიარდი ევრო გამოიყოფა უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ამჟამად წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს. „მახსოვს, პირველად რომ საჯაროდ გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა: მილიონი დრონი წელიწადში. ყველგან დიდი სკეპტიციზმი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ახლა კი შეგვიძლია დავადასტუროთ: ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ. 10-ს და იქნება 20“, მოჰყავს მისი სიტყვები რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.