თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება

სერდარ ბერდიმუჰამედოვი (მარცხნივ) და მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოში იმყოფება თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი კოლეგა მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.

„მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების ნათელი დასტურია“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერდარ ბერდიმუჰამედოვსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა: „აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია სატრანზიტო მიმართულებით კავშირების გაღრმავებით, მათ შორის, შავი ზღვის პორტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებით“.

საქართველოში ვიზიტით მყოფი თურქმენეთის პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლევან ჟორჟოლიანს. შეხვედრებში მონაწილეობდნენ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეები ეკონომიკური მიმართულებით - გუვანჩ აგაჯანოვი, ბათირ ანაიევი და ნოკერგული ატაგულიევი, ასევე თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ნაზარ აგაჰანოვი.

სერდარ ბერდიმუჰამედოვი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დედაქალაქში დღეს, 16 ივლისს, ჩამოვიდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებთან შემცირდა. ბოლო ვიზიტები კობახიძეს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში ჰქონდა. გასულ წელს ის სამჯერ ჩავიდა თურქმენეთში.