უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილო ფედოროვმა დაადასტურა კონფლიქტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან.
მათი კონფლიქტის შესახებ უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებები ადრეც წერდნენ. ბოლო დღეებში თემა ისევ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იულია სვირიდენკოს გათავისუფლებისა და მთავრობის წევრების ავტომატურად გადადგომის შემდეგ (მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან ახალი მთავრობის ფორმირებამდე) ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღარ აპირებს თავდაცვის მინისტრად მიხაილო ფედოროვის დატოვებას.
16 ივლისს ფედოროვმა კიევში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თავისი საქმიანობა შეაჯამა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა უკრაინის თავდაცვის ძალების აღჭურვას უპილოტო საფრენი და საზღვაო აპარატებით.
ასევე ნახეთ
როგორ შეცვალა გაციფრულებამ და ხელოვნურმა ინტელექტმა ომი უკრაინაშიკონფლიქტი სირსკისთან
კიევში 16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხაილო ფედოროვმა ილაპარაკა უთანხმოებაზე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან და ის დაადანაშაულა ყველა ინიციატივის დაბლოკვასა და პრობლემებზე პირდაპირ საუბრის ნაცვლად „ინტრიგების ხლართვაში“.
ფედოროვის თანახმად, მას არ ჰქონია პირობა, რომ ან ის, ან სირსკი და როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მთავარსარდლის შეცვლაზე უარი თქვა, სირსკისთან ერთად მუშაობას დასთანხმდა.
თუმცა, ფედოროვის განცხადებით, ნაცვლად იმაზე ფიქრისა, როგორ დაამარცხო რუსეთი, სირსკიმ „მოიფიქრა, როგორ გახლიჩოს ქვეყანა“.
მიხაილო ფედოროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს სირსკიმ უკრაინა არაერთხელ გადაარჩინა კიევის, ხარკოვის და ხერსონის ოპერაციებით და შეუძლებელია ეს არ დააფასო, მაგრამ დღეს ომის ფორმა შეცვლილია და მისი არქიტექტურა დრონებმა შეცვალეს.
გენერალი სირსკი ფედოროვის ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
- 35 წლის მიხაილო ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2026 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე ის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი იყო.
კიევში 16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ფედოროვმა დაასახელა ის სერიოზული პრობლემები, რომლებიც თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში აღმოაჩინა შეიარაღებული ძალების მართვასა და სახელისუფლებო სისტემაში.
ფედოროვის შეფასებით, მასშტაბურ პრობლემებს შორისაა ის, რომ უკრაინის არმია დღემდე ტაქტიკურ დონეზე ომობს, არმიის კორპუსების სისტემა სრულად არ მუშაობს, პასუხს არავინ არაფერზე აგებს, მეთაურები მუდმივად იცვლებიან და ა.შ. ფედოროვმა პრობლემებად დაასახელა ინიციატივების დაბლოკვა და ბიუროკრატიული ბრძოლა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს შორის და მუდმივი ტყუილი. მისი მტკიცებით, ყველა ამ პრობლემის გამო ცვლილებებს სთავაზობდა.
მიხაილო ფედოროვის ინფორმაციით, მას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც უარი თქვა.
ასევე ნახეთ
უკრაინაში აქციებია თავდაცვის მინისტრად მიხაილო ფედოროვის დარჩენის მოთხოვნით16 ივლისს დილით კიევში, ლვოვში, ოდესაში, ვინიცასა და სხვა ქალაქებში დაიწყო აქციები, რომელთა მონაწილეებმა მოითხოვეს, მიხაილო ფედოროვი დარჩეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა დაწერა, რომ მიხაილო ფედოროვმა, რომელიც თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი იყო, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გარღვევას თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და დრონების შემუშავების სფეროში, მისი მართვის სტილი კი მმართველი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენელთა ნაწილის შეშფოთებას იწვევდა.
ბრიტანული გამოცემის თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელი, პარლამენტის არაერთი დეპუტატი და სხვა მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ფედოროვი იყო წინაღობა მათთვის, ვინც დაინტერესებულია უკრაინის უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტიდან სარგებლის მიღებით. გამოცემის წყაროთა ცნობით, მიხაილო ფედოროვი ბლოკავდა მცდელობებს, მომგებიანი კონტრაქტები მიეღოთ მმართველი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის გავლენიანი წარმომადგენლების ფავორიტ კომპანიებს.
„რატომ ცვლიან ასეთ ადამიანს“
14 ივლისს, როცა უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იულია სვირიდენკოს გათავისუფლებას და გავრცელდა პირველი ცნობები, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვი აღარ იქნება, კიევში იმყოფებოდა ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი. ლიეტუველი პოლიტიკოსი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია.
კუბილიუსმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ უთხრა, რომ ცნობები მთავრობიდან ფედოროვის წასვლის შესახებ, მისთვის „დიდი მოულოდნელობაა“. ევროკომისრის განცხადებით, მიხაილო ფედოროვთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და ბევრსაც მიაღწიეს, მათ შორის თითქმის ყოველდღიურ დარტყმებს მოსკოვზე, პეტერბურგზე, ყირიმსა და ა.შ.
შეკითხვას, რა სიგნალი იქნება ევროკავშირისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ფედოროვის გათავისუფლება, კუბილიუსმა უპასუხა: „პირადად ჩემი აზრია, რომ ეს გააჩენს შეკითხვას, რატომ ცვლიან ასეთ ადამიანს?“