ნინო ონიანის ჟურნალისტური მასალები საჯარო წყაროებში არ იძებნება. მისი ვიდეოები ხელმისაწვდომია სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში, სადაც ის აკრიტიკებს პარლამენტთან შეკრებილ იმ მოქალაქეებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას არ უჭერენ მხარს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიას ადვოკატის, ქეთი ჩომახაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მოწმემ თავი წარმოადგინა როგორც ჟურნალისტმა, მას, „როგორც ჟურნალისტს არცერთი სტატია და სიუჟეტი არ აქვს მომზადებული“.
„[მან განაცხადა, რომ] ამ ჩანაწერებში ასახული იყო დანაშაულებრივი ქმედებები. არ იცის, ვინ საუბრობენ ამ ჩანაწერებში. რამდენჯერმე ვცადეთ, დაეკონკრეტებინა, რა მოისმინა. ერთადერთი რაც მოისმინა, თქვა - ჩანაწერებში ისმის მოლოტოვის კოქტეილებზეო. დაცვის მხარემ მას ჰკითხა, ხომ არ მოისმინა რომელიმე პოლიტიკოსის ხმა, იცნობდა, თუ არა პოლიტიკოსებს რომ მოესმინა, მან თქვა, რომ იცნობდა, მაგრამ პოლიტიკოსების ხმა იქ არ მოუსმენია“, - თქვა ქეთევან ჩომახაშვილმა.
მოწმე ნინო ონიანმა არ გაამხილა წყარო, რომელმაც მას აუდიოჩანაწერი გადასცა. დაკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, მოიმიზეზა, რომ ტელეფონზე საუბრობდა, შემდეგ კი სასამართლოს ეზო დატოვა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ამ მოწმეს „ზღაპრის გმირი“ უწოდა, რომელიც „სტატიებს წერს, მაგრამ არსად აქვეყნებს და ინახავს“. მისი თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რამდენად შეესაბამება მის მიერ წარმოდგენილი ცნობა და ინფორმაცია რეალობას.
პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი ამბობს, რომ მისთვის სარწმუნოა ის ჟურნალისტად მუშაობის ცნობა, რომელიც მოწმე ნინო ონიანმა წარადგინა:
„ერთია, რა შეხედულებები აქვს მოწმეს ზოგადად. ეს შეხედულებები შეიძლება იყოს შესაბამისობაში სამართალწარმოებასთან, კანონმორჩილი მოქალაქის შეხედულებებთან ან არ იყოს... აქ შესაფასებელია ჩანაწერის შინაარსი და არა ის, რას აცხადებს მოწმე... როდესაც ამ პირმა წარმოადგინა ჩანაწერები, ჩვენ ამ ჩანაწერების შინაარსს ვეყრდნობით. აქ შესაფასებელია ჩანაწერის შინაარსი და არა ის, რას აცხადებს თვითონ“.
ასევე ნახეთ
სასამართლოში დაკითხეს „საბოტაჟის საქმის“ „ოქროს მოწმეები“8 პოლიტიკოსის სისხლის სამართლებრივი დევნა
გასული წლის 6 ნოემბერს, რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებებისა თუ პარტნიორებთან კომუნიკაციის გამო პროკურატურამ მათი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურაში ამ საქმე 8 თებერვალს აღძრა, „ქართული ოცნების“ თანამოაზრის, „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე.
ასევე ნახეთ
"ნეიტრალური საქართველოს" ხორცშესხმული ინიციატივები - რა კავშირი აქვთ "ოცნებასთან"?„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შესახებ
- მოძრაობის დამფუძნებლები არიან ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“, წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბიძინა გიორგობიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. მოძრაობას ასევე შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე.
- ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან“.
- მოძრაობის სამიზნე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არიან პოლიტიკური პარტიების, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერები მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ორივე პოლიტიკოსს ჯაშუშებს უწოდებს და მათი ამომრჩევლების პასუხისმგებლობის დაყენების წინადადებითაც გამოდის.
რას ედავებიან პოლიტიკოსებს
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტის, „სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ“ და „თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“;
- ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სანქციებისთვის აწვდიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მონაცემებს - „შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“;
- ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“;
- მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ვიდეომიმართვებით, რომლებიც ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით, „მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ“.
ასევე ნახეთ
HRW - საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაუზარდონ ფასი რეპრესიებისთვისასევე ნახეთ
“საბოტაჟის საქმის” განხილვა დაჩქარდა - რატომ?პოლიტიკოსებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
- ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.