რადიკალური ჯგუფები ხშირად დემოკრატიის სახელით მოქმედებენ - ბოჭორიშვილი აშშ-ში მინისტერიალზე

მაკა ბოჭორიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

მან ისაუბრა ზოგად კონტექსტზე და სუვერენულ სახელმწიფოებზე „საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით“ „პოლიტიკურ ზეწოლაზე“.

„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა“, - მინისტრის განცხადებას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე ნახეთ

"სუფთა ფურცლიდან" თუ კონკრეტული პირობებით? - როგორ გაიგეს საქართველოში აშშ-ის დელეგაციის გზავნილები

მან საქართველო დაასახელა, როგორც ამის „თვალსაჩინო მაგალითი“:

„ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას...

პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით. ეს არის გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია“.

ასევე ნახეთ

„ოცნება“ „იდეოლოგიურ თანხვედრად“ წარმოაჩენს ბოჭორიშვილის მონაწილეობას ვაშინგტონის მინისტერიალში „ტერორიზმის წინააღმდეგ“

ბოჭორიშვილი ვაშინგტონში

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, 16 ივლისს ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა.

ეს არის მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“, რომელიც, "როიტერსის" ცნობით, ემსახურება აშშ-ის მიერ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას „მემარცხენე მოძრაობების წინააღმდეგ“, რომლებსაც, ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ.

ღონისძიებაზე 60-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ზოგი საგარეო საქმეთა ან შინაგან საქმეთა მინისტრების, ზოგი კი შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირების დონეზე.

აშშ-ის მიერ საქართველოსთან შეჩერებული სტრატეგიული ურთიერთობა

2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამ დროს საქართველოს დედაქალაქში პოლიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციას შლიდა.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ლიდერები დადებით სიგნალებზე საუბრობენ.

„ერთადერთი კონკრეტული კრიტერიუმია ჩვენთვის, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ...

ეს უნდა იყოს რეალური ხელშესახები შედეგების მქონე სტრატეგიული პარტნიორობა, მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული და ამას ვამბობთ ღიად, საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან... იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 26 მარტს.