რუსეთში პუტინის საქმიანობით კმაყოფილთა რაოდენობა ერთ კვირაში 5%-ით შემცირდა - გამოკითხვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობით კმაყოფილი მოქალაქეების რაოდენობა ერთ კვირაში 5%-ით შემცირდა. იკლო მის მიმართ ნდობის მაჩვენებელმაც.

ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგით, რომელიც 17 ივლისს გამოქვეყნდა, შეკითხვას: პრეზიდენტი პუტინი თავის თანამდებობაზე უფრო კარგად მუშაობს, თუ უფრო ცუდად, 66%-მა უპასუხა, რომ უფრო კარგად. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის მქონე ფონდი მსგავს გამოკითხვას ყოველკვირეულად ატარებს. წინა გამოკითხვის შედეგებით პუტინის საქმიანობით კმაყოფილი იყო 71%.

წინა კვირასთან შედარებით 2%-ით, 69-დან 67%-მდე შემცირდა პუტინისადმი ნდობაც.

გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ პუტინი, როგორც პრეზიდენტი უფრო ცუდად მუშაობს, ვიდრე კარგად(2%-ით მეტი წინა კვირასთან შედარებით). 17%-მა განაცხადა, რომ პასუხის გაცემა უჭირს.

„საზოგადოებრივი აზრის“ თანახმად, რუსეთის 51 რეგიონის 97 ქალაქსა და სოფელში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილება კი 3,6%-ს არ აღემატება.

ასევე ნახეთ

პუტინის რეიტინგი კვლავ შემცირდა - გამოკითხვის მეთოდოლოგიის ცვლილების მიუხედავად

2026 წლის მაისში, რამდენიმე კვირის განმავლობაში პუტინის რეიტინგის ვარდნას აჩვენებდა რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის მქონე კიდევ ერთი ორგანიზაციის, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის გამოკითხვები.

ცენტრმა მეთოდიკა შეცვალა და სატელეფონო ინტერვიუების გარდა, ბინებში მისვლით გამოკითხვაც დაიწყო, თუმცა პუტინის რეიტინგმა გარკვეული ზრდის შემდეგ ისევ შემცირება დაიწყო.

ასევე ნახეთ

Gallup: რუსების 60%-ის აზრით, ეკონომიკური ვითარება უარესდება. ეს ბოლო 20 წლის რეკორდია