წერილში ტრამპი მადლიერებას გამოხატავს და კობახიძეს სწერს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.
გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული წერილის ტექსტში.
ასევე ნახეთ
რადიკალური ჯგუფები ხშირად დემოკრატიის სახელით მოქმედებენ - ბოჭორიშვილი აშშ-ში მინისტერიალზეაშშ-ის მიერ საქართველოსთან შეჩერებული სტრატეგიული ურთიერთობა
2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამ დროს საქართველოს დედაქალაქში პოლიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციას შლიდა.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ლიდერები დადებით სიგნალებზე საუბრობენ.
„ერთადერთი კონკრეტული კრიტერიუმია ჩვენთვის, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ...
ეს უნდა იყოს რეალური ხელშესახები შედეგების მქონე სტრატეგიული პარტნიორობა, მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული და ამას ვამბობთ ღიად, საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან... იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 26 მარტს.