„უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის მუშაობის წყალობით, გიზგიზებს Wildberries-ის გიგანტური, 188 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის საცავი, შავი ბოლი კი კილომეტრებზე ჩანს“, - წერია ცენტრის განცხადებაში.
აღნიშნავენ ასევე, რომ - „როდესაც კარმა მუშაობს, ცეცხლმაქრები ველურ საზოგადოებას უკვე ვეღარ შველის“.
Exilenova+ და Astra თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრებს აქვეყნებენ. კომპანია Wildberries&Russ-მა დაადასტურა თავდასხმა თავის ლოგისტიკურ ცენტრზე. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის მონაცემებით, ადგილზე 24 ადამიანი დაშავდა.
7 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ტამბოვის ოლქში, რუსული კომპანია Wildberries-ის საცავებზე უკრაინული დრონების შეტევის შედეგად - ამის შესახებ რუსული მხარე იუწყება.
„უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებმაც Wildberries-ის საწყობზე დარტყმა განახორციელეს, მეტი მსხვერპლის გამოსაწვევად აღჭურვილი იყო დამაზიანებელი ელემენტებით“, - წერს რეგიონის ხელმძღვანელი ევგენი პერვიშოვი და თავდასხმას „არაადამიანურ ტერორისტულ შეტევას“ უწოდებს.
პერვიშოვის ინფორმაციით, სულ დაშავდა 25 ადამიანი, რომელთაგან 23 - საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მათგან ერთი ადამიანი ამჟამად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ექვსი - მძიმედ არის, ხოლო 16-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ძირითადად ეს არის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები“, - წერს პერვიშოვი ტელეგრამარხზე.
ასევე იტყობინებიან ხანძრის შესახებ ნოგინსკის ნავთობბაზაზე. რუსეთის ხელისუფლება ორ დაშავებულზე საუბრობს. ნავთობბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია 24 რეზერვუარი, რომელთა საერთო მოცულობა 11.5 ათას კუბურ მეტრს შეადგენს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა დარტყმები მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში, რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტზე. ამის შესახებ ნათქვამია ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს შორ მანძილზე მოქმედმა ჩვენმა სანქციებმა სამი მიმართულებით იმუშავა რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ჩვენს დროებით ოკუპირებულ მიწასა და ზღვაზე. კერძოდ, ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ქალაქებსა და თემებზე რუსეთის მიერ მიყენებული დარტყმების საპასუხოდ, განადგურდა ორი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ობიექტი - მოსკოვისა და ტამბოვის რეგიონებში, 500-ზე კილომეტრზე მეტ მანძილზე და დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით ფრონტის ხაზიდან“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, სამიზნე ობიექტები აგრესორის მიერ გამოიყენებოდა დრონების წარმოებისა და სანავიგაციო მოწყობილობებისთვის სანქცირებული კომპონენტების მისაწოდებლად.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა ნავთობის ობიექტზეც და უკრაინულმა ზღვის დრონებმა იმუშავეს სამიზნეებზე აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიებში; თავდასხმა იყო დროებით ოკუპირებულ ყირიმზეც.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კოორდინირებული და ზუსტი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა: უპილოტო სისტემების ძალებს, სპეციალური ოპერაციების ძალებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს.