შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოკითხვის დროს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა. ის დაკავებული არ არის.
„ვატარებდი საღამოს ქორწილში და ზევიდან ვიღაცა გვასხამდა, არ ვიცი, არაყი იყო, შამპანური იყო თუ რა იყო, სითხეს გვასხამდა და არ გაჩერდა. შემდეგ ისევ გამოდიოდა, იფურთხებოდა და გვლანძღავდა. ჩაუშალათ ქორწილი... ვეღარ გავაგრძელეთ ქორწილი. [აპარატურა] დაზიანებულია თუ არა, ჯერ არ ვიცით... ახლა დაკითხვაზე ვარ“, - უთხრა „TV პირველს“ ალექსანდრე მრელაშვილმა რამდენიმე საათით ადრე.
გუშინ, 18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ინციდენტი მოხდა - იმ დროს, როცა იქ ქორწილი იმართებოდა, ერთ-ერთ ნომერში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დამსვენებლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს.
მედიამ წუხელ ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ გაიგო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი, რომელშიც ჩანდა, რომ სიძის ძმა ერთ-ერთ ნომერში მყოფ ქალს სახელში ხელს ურტყამდა.
ასევე ნახეთ
დააკავეს კაცი, რომელმაც ერთ-ერთ სასტუმროში ქალს ხელი დაარტყაპოლიციამ სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე, გამოკითხვის შემდეგ დააკავა. მას ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულის ადვოკატია ლაშა კაპანაძე, რომელიც თავადაც იყო იმ ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი. მისი მონათხრობის მიხედვით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა რამდენიმე წუთით ადრე.
კაპანაძე იხსენებს, რომ სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე, ამის შემდეგ ავიდა მესამე სართულზე და მათ ინგლისურ ენაზე უთხრა, რომ „ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი“. მისი სიტყვებით, ქალი რუსულ ენაზე კომუნიკაციას მოითხოვდა, ჭიღლაძე კი ამბობდა, რომ დაელაპარაკებოდა მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად.
„რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking wh**e (შე ბო*ო)“.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამის შემდეგ არის გადაღებული ის კადრები, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა:
„ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა...
წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი.
გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა“.