Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს კაცი, რომელმაც ერთ-ერთ სასტუმროში ქალს ხელი დაარტყა

შემთხვევა თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.
შემთხვევა თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, რუსულად მოსაუბრე ქალს სახეში ხელს ურტყამს. მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებული კაცი, გიორგი ჭიიღლაძე სიძის ძმაა - ქორწილი თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, „აგარანის მამულში“ იმართებოდა, დაშავებული ქალი კი რამდენიმე ადამიანთან ერთად ამავე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში იმყოფებოდა.

„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს“, - აცხადებენ შსს-ში.

„აგარანის მამული“ აცხადებს, რომ სიტუაციის დაძაბვისთანავე გამოიძახეს პოლიცია, ინციდენტის შემდეგ კი ქალის დასახმარებლად - სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც ქალი კლინიკაში გადაიყვანა:

„Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს“.

სხვანაირად აღწერს თელავის სასტუმროში განვითარებულ მოვლენებს ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი, თამუნა ცქიტიშვილი - დაკავებული მისი დეიდაშვილის შვილია:

„ქართული სიმღერა არ მოეწონათ სტუმარ ქალბატონებს, გადმოასხეს ჯერ ღვინო, მერე შარდი და ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს...

ხალხი დაიშალა, ისინი ისევ აგრძელებდნენ პროვოკაციას... ხედავდნენ იქ იყო უამრავი ნასვამი ახალგაზრდა და თამაშობდნენ ნერვებზე - „პაპუასი“... გრუზინი სვინია...

როდესაც ქართულს ცეკვავდნენ ნეფე-პატარძალი, დააფურთხეს ზემოდან. აპარატურას...

ათასჯერ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, რომ მოეგვარებინა... სამწუხაროდ, უუნარონი აღმოჩნდნენ“.

დაკავებულის ადვოკატი, ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) პროვოკაციის მსხვერპლია და თავადაც დაზარალებულია.

მონაყოლის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაცია სასტუმროს მესამე სართულზე მყოფმა რუსულად მოლაპარაკე სტუმრებმა შექმნეს - მოწოდების მიუხედავად, განაგრძეს გინება და სითხის გადმოსხმა.

დაკავებულ კაცს ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG