ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა პირველებს - აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს დაურეკა

ენდი ბერნემი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი

გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერმინისტრმა ენდი ბერნემმა, თანამდებობის დაკავების შემდეგ, უცხოელი ლიდერებიდან პირველებს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს დაურეკა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი საუბრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე, რომლის თანახმად, საუბარი ფეხბურთით დაწყებულა:

"პრემიერმინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს მიულოცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება და დაეთანხმა მას, რომ ინგლისის ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა“.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის რანგში თავის ხედვაზე საუბრისას, ენდი ბერნემმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის რეინდუსტრიალიზაციაზე, ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებისადმი და განაცხადა, რომ "გაერთიანებული სამეფოსა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოება დღის წესრიგის სათავეშია მოქცეული".

ასევე ნახეთ

კირ სტარმერმა ოფიციალურად დატოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა

აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ბერნემმა ტრამპს დაუდასტურა მისი სახელმწიფოს ინტერესი ორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლის უზრუნველყოფისა და მიწოდების გლობალური ჯაჭვების მხარდაჭერის მიმართ, საწვავზე ფასების დაწევის მისაღწევად.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე:

"მოხარული ვარ ენდი ბერნემთან საუბრის გამო. მივულოცე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავება. დიდად ვაფასებ, რომ უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება და იქნება მტკიცე".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენდი ბერნემს მადლობა გადაუხადა "უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემის გამომხატველი თბილი სიტყვებისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის იმათ მიმართ, ვისი ოჯახის წევრები ან ახლობლები დაიღუპნენ რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების შედეგად".

პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, რომ "უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში უძლიერესი პარტნიორობა დაამყარეს" და გაგრძელდება მუშაობა მისი კიდევ უფრო განმტკიცებისთვის:

"შევთანხმდით, რომ ვიმსჯელებთ მომავალ თანამშრომლობაზე, მათ შორის - ანტიბალისტიკური კოალიციის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრაზე".

ასევე ნახეთ

ენდი ბერნემი: შევქმნით ახალ პოლიტიკურ მოდელს და ახალ ეკონომიკურ მოდელს

20 ივლისს თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა დიდი ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და პრემიერმინისტრობას შეუდგა ენდი ბერნემი, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს მიმდინარე წელს წარმოადგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა. ახლო პერსპექტივაში კი აპირებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ბრიტანელებს ყოველდღიურ ხარჯებს შეუმსუბუქებს. მის უმთავრეს მიზნებს შორის არის ქვეყნის რეინდუსტრიალიზაცია.