ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორი კეშ პატელი ამ შემოდგომაზე რუსეთში ჩასვლას აპირებს. ეს ამერიკულ გამოცემა Politico-ს უთხრა ორმა ინფორმირებულმა წყარომ.
წინასწარი მონაცემებით, ვიზიტი 14-15 ოქტომბრისთვის იგეგმება. პატელი მოსკოვს და სანქტ-პეტერბურგს ეწვევა. მას სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა კეშ პატელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
როგორც Politico წერს, რუსეთში FBI-ს დირექტორის ვიზიტი დაიგეგმა მას შემდეგ, რაც აშშ და რუსეთი ვერ შეთანხმდნენ უკრაინაში ომის დასრულებაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხების განსახილველად გეგმავს პატელი რუსეთში ჩასვლას. FBI-მ და იუსტიციის სამინისტრომ არ უპასუხეს გამოცემის მიმართვას კომენტარის შესახებ.
- FBI-ს ბოლო დირექტორი, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა (2013 წელს), რობერტ მიულერია.
- მოგვიანებით მიულერი სპეციალური პროკურორის სტატუსით ხელმძღვანელობდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიებას. ამ არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთი არჩევნებზე გავლენას ცდილობდა, თუმცა არ აღმოუჩენია ტრამპის საარჩევნო შტაბისა და რუსეთის შეთქმულების მტკიცებულება.