რუმინეთის ტერიტორიულ წყლებთან გემზე შეტევა იყო სავარაუდოდ, ე.წ. საზღვაო დრონით

ე.წ. საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტი რუმინეთში მოხდა 2026 წლის 5 ივნისსაც, როცა კოსნტანცის პორტში მსგავსი აპარატი აფეთქდა.

შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებთან სავარაუდოდ, ე.წ. საზღვაო დრონით შეტევა იყო ლიბერიის დროშით მცურავ სატვირთო გემზე Gas Lisbon, რომელიც უკრაინისკენ მიემართებოდა. გემზე ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟი ევაკუირებულია.

რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანის მიერ სოციალური ქსელებით 21 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გასულ ღამით მოხდა რუმინეთის სანაპიროდან დაახლოებით 37 კილომეტრში, სადაც ორი სამაშველო გემი გაგზავნეს დაზიანებული გემის ეკიპაჟის წევრების ევაკუაციისთვის. ყველა მეზღვაური, რომელთაგან სამი დაჭრილია, ნაპირზე გადაიყვანეს.

რუმინეთის პრეზიდენტის ცნობით, გემი Gas Lisbon-ი, რომელიც ეგვიპტის ალექსანდრიის პორტიდან უკრაინის რენის პორტისკენ მიემართებოდა, ამჟამად რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს.

ნიკუშორ დანის განცხადებით, ინციდენტის გარემოებებს რუმინეთის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები იკვლევენ, თუმცა სავარაუდოდ, ის უკავშირდება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

რუმინული გამოცემა Digi24 ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პროპანით დატვირთულ გემზე აფეთქება მოხდა სავარაუდოდ, ე.წ. საზღვაო დრონით შეტევის შედეგად. დრონის წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია.

Gas Lisbon-ზე ხანძრის გამო, ინციდენტის რაიონში მყოფ გემებს ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაეგზავნა შეტყობინება, რომ ამ ზონას გვერდი აუარონ.

ასევე ნახეთ

10-მდე გაიზარდა ოდესასთან სატვირთო გემზე დარტყმის შედეგად დაღუპული მეზღვაურების რიცხვი

ე.წ. საზღვაო დრონებს როგორც რუსეთი, ისე უკრაინა იყენებენ შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებებისთვის.

ერთ-ერთი ასეთი აპარატი 2026 წლის ივნისში აფეთქდა რუმინეთის ქალაქ კოსნტანცის პორტის რაიონში.