2024 წელს ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელშიც შედიოდნენ სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company (CCCC) და მისი შვილობილი, სინგაპურში დარეგისტრირებული China Harbour Investment Pte. Ltd. ორი წლის თავზე გაირკვა, რომ პორტს ისინი აღარ ააშენებენ და ვეღარც 49%-ს ვერ მიიღებენ.
CCCC-ში გაგზავნილი შეკითხვები უპასუხოდ დარჩა; თუმცა გვიპასუხა ჩინეთის საელჩომ საქართველოში. მათ ჩვენ მსგავსი შეკითხვებით მივმართეთ:
- რატომ, რა ფაქტორების გამო გამოეთიშა CCCC ამ პროცესს?
- ეს კონსორციუმის გადაწყვეტილება იყო, თუ საქართველოს მთავრობის?
„პატივს ვცემთ და გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩინური კომპანია, რომელიც მანამდე მონაწილეობდა ამ პროექტის ტენდერში, მკაცრად იცავდა საქართველოს კანონმდებლობასა და რეგულაციებს, ისევე როგორც საერთაშორისო კომერციულ წესებს და ინარჩუნებდა მჭიდრო კომუნიკაციასა და კოორდინაციას საქართველოს შესაბამის უწყებებთან პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ის ხელახლა გამოაცხადებს ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტზე - „მშენებლობისა“ და „ოპერირების“ კომპონენტებად დაყოფით”, - ჩინეთის საელჩოდან პასუხი წერილობით მივიღეთ. მას პრესმდივანი აწერს ხელს.
ტექსტის თანახმად, საელჩო იმედოვნებს, რომ თბილისის გადაწყვეტილება „მონაწილეობის მისაღებად მოიზიდავს პორტების მშენებლობისა და ოპერირების უფრო მეტ კომპანიას, მთელი მსოფლიოდან” და ჩინეთი კვლავ იაქტიურებს:
“ჩინეთი კვლავაც წაახალისებს ჩინურ საწარმოებს ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით. ვისურვებდით ანაკლიის პორტის პროექტის ადრეულ დასრულებას, რათა მან უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს „შუა დერეფნის“ საერთო კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში და წვლილი შეიტანოს ევრაზიის რეგიონში წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობაში”.
ჩინეთის საელჩოს თანახმად, “ჩინური საწარმოები ფლობენ პორტების მშენებლობის მსოფლიოში წამყვან შესაძლებლობებს” და “გახდნენ გლობალური ლიდერები პორტების პროექტირებაში, მშენებლობაში, აღჭურვილობის წარმოებასა და სმარტ-ოპერირებაში" და "სარგებლობენ ყოვლისმომცველი კონკურენტული უპირატესობით მთელ ინდუსტრიულ ჯაჭვში”. ასევე - “როგორც პოტენციური ინვესტორები, ეს ჩინური კომპანიები კანონიერად სარგებლობენ ავტონომიით საზღვარგარეთ ინვესტიციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისინი თავად იღებენ საკუთარ რისკებს და სრულად აგებენ პასუხს საკუთარ მოგებასა და ზარალზე”. ჩინეთის მთავრობა კი “მუდმივად უჭერს მხარს ადგილობრივ საწარმოებს საზღვარგარეთული ინვესტიციების განხორციელებაში, საერთაშორისო თანამშრომლობასა და კონკურენციაში, საბაზრო პრინციპების შესაბამისად”.
ასევე ნახეთ
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდებატენდერში გამარჯვებული ჩინური CCCC, რომელიც კომუნისტური პარტიის მიერ მართული ჩინეთის სახელმწიფოს საკუთრებაა, ანაკლიის პორტის 49%-იან წილის მესაკუთრე უნდა გამხდარიყო - მის მიერ სინგაპურში დაფუძნებულ კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად; ხოლო საქართველოს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, 51%-იან საკონტროლო პაკეტს იტოვებდა.
2 წელი დაპირებებში გავიდა, რომ მშენებლობას ახალი ინვესტორი სწრაფად შეუდგებოდა.
როდის ამოიწურა იმედი?
2026 წლის მაისის მიწურულს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თითქოს ჯერ კიდევ გამოხატავდა იმედს, რომ ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ-სინგაპურულ კორპორაციასთან თანამშრომლობა შედგებოდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 25 მაისს განაცხადა, რომ კორპორაციასთან მოლაპარაკებების დასრულება 2026 წლის ბოლოს არ გადასცდებოდა.
“ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე ახალი პროცესის დაწყება, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები”, - თქვა მაშინ კობახიძემ.
მანამდე, აპრილში, მანვე დაადასტურა, რომ ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს ანაკლია განხილვის ერთ-ერთი თემა იქნებოდა. თუმცა ერთ-ერთ კომენტარში მიანიშნა მოდელის შესაძლო ცვლილების შესახებაც.
ასევე ნახეთ
ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკება ანაკლიის პორტზე წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს - კობახიძე2026 წლის 6 აპრილს, ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია, ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით, პეკინში ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის (NDRC) თავმჯდომარის მოადგილეს, ჭოუ ჰაიბინს, შეხვდა.
“შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც ტვირთნაკადების კუთხით ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელ როლზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ანაკლიის პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება როგორც ორი ქვეყნის, ისე შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის”, - წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
CCCC-სთან მოლაპარაკებების დეტალებზე არაფერი თქმულა.
3 თვეში გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სულ სხვა გზით წავა.
ბევრისთვის მოულოდნელმა ამ ცვლილებამ შეკითხვები და ეჭვები გააჩინა. მათ შორის იმის შესახებაც, რომ პროექტის მიმართ ინტერესი თავად პეკინმა დაკარგა. „ევრაზიანეტი“ წერს, რომ ასეთი ნიშნები ჯერ კიდევ 2025 წლის ბოლოს გაჩნდა.
“პორტზე სახელმწიფოს სრული საკუთრება „ქართული ოცნების“ გათვლილი სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც მთავრობა „შუა დერეფანში“ როლის გამყარებასა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს” - "ევრაზიანეტი".
- 6 ივლისს პრესკონფერენციაზე ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ CCCC იყო ერთადერთი კომპანია, "რომელმაც დაინტერესება გამოთქვა წინა ტენდერის პირობებში და ამდენად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჰქონდა ძალიან აქტიური თანამშრომლობა".
- მან დააზუსტა ასევე, რომ კონსორციუმთან "მეგობრულ და ძალიან პარტნიორულ რეჟიმში" რჩებიან და მოელიან, რომ იხილავენ "ჩინური მხარის ჩართულობას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განახლებულ მოდელში".
“ლენდლორდის”გეგმა უკვე მესამეა ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჭიანურების 10-წლიან ისტორიაში
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლო დაპირებით, ანაკლია პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. თუმცა საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ პირველი გემი 9 წლით ადრე - 2020 წელსაც მიეღო - თავდაპირველი გეგმის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში.
“ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის გადავადებამ, საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს დააკარგვინა შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულიყო, როგორც რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის რეალური ალტერნატივა”, - წერია შუა დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების შემსწავლელი ცენტრის 2026 წლის ანგარიშში.
თბილისში 2014 წელს დაფუძნებული “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” შეფასება იყო, რომ ანაკლიის „ბლოკირებით“ საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა; ხოლო რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, დაეუფლოს ცენტრალური აზიის სტრატეგიულ ტვირთნაკადებს.
ცენტრი ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში წერდა იმ მოდელის ["ლენდლორდი"] შესაძლებლობების შესახებაც, რომელიც თბილისმა 2026 წლის ივლისში გამოაცხადა.
ამავე ორგანიზაციამ 2026 წლის მარტში დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის პორტის პროექტი შემთხვევით არ გააცნეს და რომ მოსალოდნელი იყო ე.წ. ჩინური „სესხის ყულფის“ მოდელის ჩანაცვლება ევროპაში აპრობირებული “ლენდლორდის” მოდელით.
ასევე ნახეთ
ეკონომიკის სამინისტრო: სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტი გავაცანითასევე ნახეთ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტიამ პროცესს, ივნისის დასაწყისში, წინ უსწრებდა კანონპროექტის დამტკიცება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც ხელისუფლებას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება. დებატების მსვლელობისას, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ ბრაიან მასტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში ჩინეთის მზარდი გავლენისა, მათ შორის იმ ფაქტის გამო, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ჩინური კონსორციუმი იქნა შერჩეული, ამერიკული კომპანიის ნაცვლად.
„ჩინეთის კომუნისტური პარტია აპირებს ფლობდეს და აკონტროლებდეს რეგიონის სტრატეგიულ ღრმაწყლოვან პორტს, ანაკლიას, შავი ზღვის სანაპიროზე“, - თქვა ამავე სხდომაზე ჯო უილსონმა - კანონპროექტის ავტორმა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან მწვავედ დაპირისპირებულმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, რომელსაც მუდმივად უტევენ თბილისიდანაც.
ანაკლიისა და ჩინეთის გავლენების თემას უილსონი წარსულში ხშირად უბრუნდებოდა, მათ შორის - განცხადებებით X-ზე თუ სხვადასხვა დოკუმენტის განხილვისას.
შეერთებული შტატებიდან ამ თემაზე პროტესტი წლებია ისმის. 2019 წელს ამას აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც უსვამდა ხაზს.
10 წელი პორტის მოლოდინში
გაჭიანურებული პროცესების გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები ანაკლიის პროექტის საერთოდ ჩაშლის განზრახვაზეც ლაპარაკობენ.
“დახურული შეთავაზებები, მუდმივად ცვალებადი პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ შეცვლილი მოდელები ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს – პროცესი იმდენად იწელება, რომ ანაკლია საბოლოოდ უბრალოდ არ შენდება”, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” [Civic IDEA] ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
აქვე მოყვანილია Civic IDEA-ს თავმჯდომარის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის შეფასებები სტატიიდან [Georgia’s Never, Never Port – გამოქვეყნდა CEPA-ში], რომ “საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება დიდი ხანია რუსეთის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ მიზნად განიხილება საქართველოში, ხოლო … ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ეს მიზანი პრაქტიკულად სრულდება”.
ამავე სტატიაში განხილულია არაერთი ეჭვი თუ რისკი, რაც, მათ შორის - ქართული მხარის შესაძლებლობებს უკავშირდება.
მესამე გეგმით - ვის მიესალმებიან?
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას "შუა დერეფნის" პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს", - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა 6 ივლისს, "ლენდლორდის" გეგმის გამოცხადებისას.
მინისტრმა ილაპარაკა ანაკლიის პროექტის მიმართ მძლავრ საერთაშორისო ინტერესზე, ქვეყნებს შორის კი, რომელთა ინვესტირებასაც საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება, დაასახელა: ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები და აზერბაიჯანი, როგორც „შუა დერეფნის“ პროექტის მონაწილეები.
დასავლეთის ქვეყნებზე კონკრეტულად არაფერი თქმულა.
“შუა დერეფნის” პროექტი ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს - რუსეთის გვერდის ავლით, რამაც განსაკუთრებული აქტუალურობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიძინა. ევროკავშირის დაფინანსებით, EY Baltic UAB-ის მიერ მომზადებული და თებერვალში გამოქვეყნებულ კვლევაში საგანგებოდ არის გამოყოფილი ანაკლიის პორტის მნიშვნელობაც.
თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ეს კვლევა „ქართულმა ოცნებამ“ მიიჩნია სიგნალად, რომ შესაძლოა ევროკავშირი საქართველოსთან დიალოგის განახლებას გეგმავდეს. საკითხი პროსახელისუფლებო მედიის საგანგებო ფოკუსშიც მოხვდა. თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები მას შემდეგ არ განმუხტულა.
ასევე ნახეთ
ანაკლიის პორტი, წყალქვეშა კაბელი, "ტრამპის მარშრუტი" - რამდენად მყარია საქართველოს პოზიციები "შუა დერეფანში"ანაკლიის პორტის მშენებლობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა “ქართულმა ოცნებამ” 14-წლიანი მმართველობის პირველ წლებში დაიწყო. ამჟამად ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან, დაკავშირებულმა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების ტენდერში 2016 წელს გაიმარჯვა - გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს.
- როდესაც 2018 წლის აგვისტოში პროკურატურამ „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო, ბევრმა ივარაუდა, რომ ეს პროცესი ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებით დასრულდებოდა.
- "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში გაწყვიტა.
- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კონსორციუმი ხელშეკრულებით დაკისრებულ ამოცანებს ვერ ასრულებდა და ვერც ინვესტორები ვერ მოიზიდა, დადგენილი ვადების მრავალგზის გადავადების მიუხედავად. კონსორციუმი კი აცხადებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო პროექტს ებრძოდა და კონსორციუმს დასავლელი ინვესტორები დაუფრთხო.
ბოლო წლებში სახელმწიფომ კონსორციუმთან დაკავშირებით ორი საერთაშორისო დავა მოიგო.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" [ADC] შედიან: „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ი (ნიდერლანდი), Wondernet Express-ი (ბრიტანეთი), შპს G-Star-ი (ბულგარეთი), Conti International-ი (აშშ) და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი.
ასევე ნახეთ
2 წაგებული დავა, 1 დაუსრულებელი პროექტი - რა უნდა ვიცოდეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზეხაზარაძე და ჯაფარიძე მაშინ “ფულის გათეთრების” საქმეზე არ დაუჭერიათ, საქმის ხანდაზმულობის გამო; თუმცა მას შემდეგ, სხვა არაერთი ოპოზიციონერის მსგავსად, ციხეში მაინც მოხვდნენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] სხდომაზე არმისვლის გამო და ახლაც, სხვა არაერთი ოპოზიციონერის მსგავსად, სისხლისსამართლებრივი დევნა მათ წინააღმდეგაც მიმდინარეობს - “საბოტაჟის საქმის” ფარგლებში.
2019 წელს, როდესაც პორტის პროექტის მშენებლობის საკითხი სათუო გახდა, „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა, როგორ ჰკითხა მას ბიძინა ივანიშვილმა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“