რუსული Wildberries-ი ისევ უკრაინული დრონების სამიზნე იყო

Wildberries-ის საწყობებზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2026 წლის 18 ივლისსაც, მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში

22 ივლისს დრონებით შეტევა იყო რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ კრასნოდარში და სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში.

კომპანიის საწყობებში მასშტაბური ხანძრები გაჩნდა.

შეტევა დაადასტურა Wildberries-ის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმა. მან 22 ივლისს დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ცენტრებიდან ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა არიან დაშავებულები. მათი რიცხვი კიმს არ დაუსახელებია.

რუსეთის სახელმწიფო მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად კრასნოდარში სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო ნევინომისკში - ხუთი.

უკრაინულმა და რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს თვითმხილველების მიერ გადაღებული, მასშტაბური ხანძრების ამსახველი ფოტოები და ვიდეოკადრები.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.

ასევე ნახეთ

რატომ უტევს უკრაინა Wildberries-ის საწყობებს და რა საფრთხეს უქმნის ეს რუსეთის ეკონომიკას?

22 ივლისს დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირზეც. ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არმავირმა „განიცადა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა".

არმავირის ადმინისტრაციის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობით, 16-ზე მეტი დრონით შეტევა იყო სამრეწველო ზონაში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც ხანძარია.

განახლება: დილის ათი საათისთვის კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არმავირის „ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის" შედეგად დაიღუპა საწარმოს ერთი თანამშრომელი, ხოლო ქალაქ კრასნოდარში საწყობების კომპლექსზე(Wildberries) დრონებით შეტევის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის თანახმად, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის" შედეგად ქალაქ კრასნოდარში დაზიანებულია რამდენიმე სახლიც.

განახლება: 22 ივლისს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს და ნავთობის ბაზას.