იტალიის ქალაქ ბოლონიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა მაროკოელი იმიგრანტის სიკვდილის გამო 21 ივლისს გამართული საპროტესტო აქცია. 42 წლის აბდერაჰიმ ფაკირი პოლიციელების მიერ დაკავების დროს, 19 ივლისს გარდაიცვალა.
იტალიური მედიის ცნობით, პოლიცია გამოიძახა მეზობელმა, რომლის თანახმად, ფაკირი აგრესიულად იქცეოდა. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო, ჩანს, რომ აბდერაჰიმ ფაკირი მიწაზე პირქვე წევს, პოლიციელები მისთვის ხელბორკილების დადებას ცდილობენ, ფაკირი კი დახმარებას ითხოვს.
კადრებში ჩანს სამოქალაქო პირიც, რომელიც პოლიციელებს ეხმარება და პარამედიკოსები, რომლებიც იქვე არიან, მაგრამ არ ერევიან. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი პოლიციელი ამჩნევს, რომ ფაკირი უგონოდაა და ლოყაზე ხელს ურტყამს, თუმცა ის გონზე აღარ მოსულა. მედია გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ აბდერაჰიმ ფაკირს გულის პრობლემები და ასთმა ჰქონდა.
პროკურატურამ საქმე აღძრა წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით და როგორც პოლიციელების, ისე პარამედიკოსების ქმედებებს იძიებს.
ფაკირის გარდაცვალების გამო ბოლონიის მერმა, ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტიის" წევრმა მატეო ლეპორემ ქალაქის მცხოვრებთ მიტინგზე შეკრებისკენ მოუწოდა. 21 ივლისს გამართულ აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ბოლონიის ცენტრში აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, სანამ აქციის ასამდე მონაწილე პოლიციას დაუპირისპირდებოდა
აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით ასამდე მონაწილე პოლიციელებს დაუპირისპირდა და ბოთლები, პეტარდები და სხვა საგნები დაუშინა. პოლიციამ საპასუხო ძალა გამოიყენა. პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 60-ზე მეტი პოლიციელი.
ბოლონიის მერმა მატეო ლეპორემ განაცხადა, რომ დაუშვებელია ძალადობას ძალადობით უპასუხო.
არეულობების ინიციატორთა ქმედება დაგმო იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა ჯორჯა მელონიმ. ამასთან, მან განაცხადა, რომ აბდერაჰიმ ფაკირის სიკვდილის გარემოებები დეტალურად და მიუკერძოებლად იქნება გამოძიებული.
მელონის თანახმად, ისინი, ვინც მომხდარი გამოიყენა ქალაქის დარბევის, პოლიციელებზე თავდასხმისა და ძალადობისთვის, ეძებდნენ არა სიმართლეს, არამედ კონფრონტაციას.
ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ" მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ პოლიციის მხარეს დადგა. პარტიის წარმომადგენლის, ფრანჩესკო ბოჩას განცხადებით, თუ იტალიის მემარჯვენე მთავრობას ამერიკული ICE-ს მოდელის ექსპორტირება სურს, ეს არ გამოუვა.
ICE შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურია, რომლის თანამშრომლებმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისში მასშტაბური რეიდები დაიწყეს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების წინააღმდეგ და ამ რეიდებით გამოწვეული საპროტესტო აქციების ორი მონაწილე მოკლეს.