რუსეთის სტავროპოლის მხარის ხელისუფლებამ ლოკალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქალაქ ნევინომისკის იმ რაიონში, სადაც უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრს.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩაერთო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენიც.
ნევინომისკში კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე დრონებით შეტევა 22 ივლისს იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი.
ასევე ნახეთ
რუსული Wildberries-ი ისევ უკრაინული დრონების სამიზნე იყოდარტყმა Wildberries-ის კრასნოდარის ცენტრზე
22 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზეც ქალაქ კრასნოდარში. დარტყმამ აქაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია და ნევინომისკის მსგავსად საჭირო გახდა ევაკუაცია.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, დაშავდა 10 ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
განახლება: 22 ივლისს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს და ნავთობის ბაზას.
ასევე ნახეთ
რატომ უტევს უკრაინა Wildberries-ის საწყობებს და რა საფრთხეს უქმნის ეს რუსეთის ეკონომიკას?- უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში.
Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.
22 ივლისს, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე დარტყმის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.
რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.