ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს და ნავთობის ბაზას

22 ივლისს რუსეთის ქალაქ კრასნოდარში დრონებით შეტევა იყო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 22 ივლისს თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს და ნავთობის ბაზას.

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ამ დარტყმებს ეხება, ზელენსკის არ უხსენებია კომპანია Wildberries-ი. სწორედ მის ლოგისტიკის ცენტრებზე იყო დრონებით შეტევა სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ კრასნოდარში.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, სტავროპოლის და კრასნოდარის რეგიონებში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებით, ნავიგაციის დანადგარებით და მოწყობილობებით და ნავთობის ბაზას, ხოლო აზოვის და შავ ზღვებში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ერთ ტანკერს და კიდევ ოთხ სატვირთო გემს.

ასევე ნახეთ

საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ნევინომისკის იმ რაიონში, სადაც Wildberries-ის ცენტრი იწვის

22 ივლისს, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრების გარდა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირში დაარტყეს ნავთობის ბაზას, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, კრასნოდარისა და ნევინომისკის ლოგისტიკის ცენტრებზე შეტევის შედეგად, საერთო ჯამში, 15 ადამიანი დაშავდა და ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ომს სრულიად სამართლიანად აბრუნებენ სახლში, რუსეთში“ და „უნდა აიძულონ, რომ დიპლომატიაზე გადავიდეს“.

ასევე ნახეთ

რატომ უტევს უკრაინა Wildberries-ის საწყობებს და რა საფრთხეს უქმნის ეს რუსეთის ეკონომიკას?
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.

22 ივლისს, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე დარტყმის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.