ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ვაშინგტონში, ალექს რაუფოღლუ, შეთანხმების დეტალებში გარკვეულ ორ წყაროზე დაყრდნობით.
დოკუმენტი საფუძველს ქმნის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში. წყაროთა ცნობით, ეს ასეთი ტიპის პირველი შეთანხმებაა.
მოელიან, რომ შეთანხმება შექმნის ოფიციალურ გზას უკრაინის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო უპილოტო აპარატების ექსპორტისთვის აშშ-ში, მათ გამოსაცდელად და შესაფასებლად. ამან შესაძლოა პენტაგონის შესყიდვების სამომავლო საჭიროებებზეც იქონიოს გავლენა.
საკუთრივ შეთანხმება არ ითვალისწინებს წარმოების კონტრაქტს, თუმცა მას აღიქვამენ პირველ კონკრეტულ ნაბიჯად უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისკენ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს უკრაინაში შემუშავებული საბრძოლო დრონების ერთობლივი წარმოება აშშ-ის მიწაზე.