მათი ცნობით, ჯამდელიანს დაევალა, უარყოს, რომ ექსმაღალჩინოსანი მის მკვლელობას გეგმავდა.
გარემოებები - მოკლედ
- ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი შინჯიკაშვილის მისი ლიკვიდაციის მომზადებაში საჯაროდ ადანაშაულებდა;
- 2025 წლის ივნისის დასაწყისში მარნეულისა და ჰუჯაბის საეპარქიო სასამართლომ შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო „ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში“ - ეპისკოპოსი ჯამდელიანის მკვლელობის მომზადებაში;
- შინჯიკაშვილმა რწმუნებულის მოადგილის პოსტი 2025 წლის მაისში დატოვა. მედიის ცნობით, ის დაპირისპირებული იყო ზვიად ხარაზიშვილთანაც („ხარება“), შსს-ის გდდ-ის ყოფილ უფროსთან.
- შინჯიკაშვილმა ჯამდელიანის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა 2025 წლის ბოლოს წამოიწყო; პირველი სხდომა 12 დეკემბერს გაიმართა.
საქმეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევაძე განიხილავდა.
ასევე ნახეთ
მკვლელობის მომზადების საქმეზე მარნეულის ეპისკოპოსი ეჭვმიტანილს ასახელებს„დაევალა უარყოფა“ - ამბობს მომჩივანი
„დღეს გიორგი შინჯიკაშვილის სარჩელი სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა სრულად“, - განაცხადა შინჯიკაშვილის ადვოკატმა ჯუნა ჭოხონელიძემ 23 ივლისს და დასძინა:
„გიორგი ჯამდელიანს დაევალა მის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა იმავე საშუალებებით, რითაც მან გაავრცელა და შინჯიკაშვილს დააბრალა ცრუ ინფორმაცია“.
შინჯიკაშვილის თანახმად, სასამართლოდ დაადგინა, რომ ჯამდელიანის მიერ „2025 წლის 8 ივნისსა და 28 ივნისს გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს ცილისწამებას (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ, განცხადებებს)“.
მან ჩამოთვალა, თუ რისი უარყოფა დაავალა სასამართლომ ეპისკოპოსს:
- „ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას“;
- „ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი ან მოგცემთ და მოუსმევ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება“, - საუბარია მონაზონ თეკლა კუბლაშვილზე, რომელიც ფიგურირებდა ჯამდელიანი-სინჯიკაშვილის დაპირისპირებაში და რომელიც დეკემბრის ბოლოს ეპარქიიდან განკვეთეს;
- „გ. შინჯიკაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულა დედაო [საუბარი კვლავ კუბლაშვილზეა], გამხდარიყო მისი აგენტი, საბოლოოდ კი მისგან მოითხოვდა მეუფის მოწამვლას“;
- „გიორგი შინჯიკაშვილმა ხელი შეუშალა მარნეულში საკათედრო ტაძრის მშენებლობას“;
- „გიორგი შინჯიკაშვილს.... გააჩნია უამრავი... უკანონო ბიზნესი, რითაც დიდ ფულს შოულობს და სწორედ საკათედრო ტაძრისთვის გათვალისწინებული მიწაც მას სჭირდებოდა კორპუსების მშენებლობისთვის“;
- „გ. შინჯიკაშვილს ჰყავს დაქირავებული ბოტები და ტროლები, რომლის მეშვეობით მიმდინარეობს სოციალურ ქსელში მეუფეზე დეზინფორმაციის გავრცელება და ანტიპროპაგანდა“.
ეპისკოპოსს გიორგი ჯამდელიანს ან მის ეპარქიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. რადიო თავისუფლება ცდილობს საპასუხო კომენტარის მოპოვებასა და ინფორმაციის გადამოწმებას.
ასევე ნახეთ
ეკლესიიდან განკვეთეს მონაზონი, რომელიც ეპისკოპოსი ჯამდელიანისა და ყოფილი ვიცე-გუბერნატორის დაპირისპირებაში ფიგურირებსრის გამო იყო დაპირისპირება
2025 წლის ივნისის დასაწყისში, ამავე საეპარქიო სასამართლომ გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო „ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში“ - ეპისკოპოსი ჯამდელიანის მკვლელობის მომზადებაში და „გულწრფელ სინანულამდე“ აუკრძალა ზიარების მიღება.
ეპისკოპოსმა მკვლელობის მცდელობაზე საჯაროდ პირველად 8 ივნისს ქადაგებისას ისაუბრა.
ასევე ნახეთ
მარნეულის ეპისკოპოსმა ქადაგებისას თქვა, რომ მისი მკვლელობის გეგმა არსებობდა24 დეკემბერს კი ეპარქიამ მონაზვნობა შეუჩერა თეკლა კუბლაშვილს. საეპისკოპოსო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად:
- ორ ივნისს მონაზონი თეკლა დაუკავშირდა ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს და ამცნო მის წინააღმდეგ დაგეგმილი „მძიმე დანაშაულის“ შესახებ;
- კერძოდ, მან აღიარა, რომ „ერთი წლის მანძილზე გადაბირებული იყო კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის“, - მათ შორის ექსმაღალჩინოსანი გიორგი შინჯიკაშვილის მიერ და იღებდა სხვადასხვა დავალებას;
- „გაჰქონდა საეპისკოპოსო რეზიდენციიდან კერძო საუბრები და კონფიდენციალური ინფორმაციები“;
- „ასევე, მან აღიარა, რომ მას ამზადებდნენ მღვდელმთავრის სიცოცხლის მოსპობისთვის საწამლავის გამოყენებით“, - წერია განჩინებაში.
შინჯიკაშვილი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და ცილისწამებაში ადანაშაულებდა ეპისკოპოსს.
ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო, - სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით, - რაც განძრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. თუმცა მაღალიერარქმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა და ჩვენებას არ მისცემდა.
2025 15 დეკემბერს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სხდომის შემდეგ, ეპისკოპოსი ჯამდელიანი ამბობდა: „საეკლესიო, კანონიკურ სასამართლოს არ მინდოდა გავცდენოდით და გამოდის, რომ იძულებულს მხდის მხარე, მიჩივის სასამართლოში, რომ ჩვენ სასამართლოს წარვუდგინოთ მტკიცებულებები და აქეთ დავიცვათ თავი“.