12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სუსის ყოფილი უფროსის ბიძაშვილს

გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ირკვევა, რომ მას ჩამოართვეს დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სხვა ქონება.

„ქრთამი ქოლ-ცენტრების მფარველობისთვის“ - $1.4 მილიონი

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „სრულად გაიზიარა“ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

ის დამნაშავედ ცნეს „გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“.

  • „ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით“, - აცხადებს პროკურატურა;
  • ამის სანაცვლოდ კი, ბრალდების თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილი „ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს“;
  • „2021-2022 წლებში, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით ქრთამის სახით მიიღო 1 365 000 აშშ დოლარი“.

ასევე ნახეთ

სუსის ყოფილი უფროსის პოზიციით, გამოძიება „შეცდომაშია შეყვანილი“ - სხდომა კვლავ დაიხურა

„70 ერთეული უძრავი ქონება“

ბრალდების მხარის მტკიცებითვე, - რაც სასამართლომაც გაიზიარა, - ანდრია ლილუაშვილმა ფულის გათეთრების მიზნით, თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობიდან მიღებული და სხვა თანხა „როგორც პირადად, ასევე მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით განათავსა სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ინვესტირება მოახდინა მასთან აფილირებულ კომპანიებში და მრავალჯერადი ფინანსური ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავალი მიმართა საქართველოსა და საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად“.

ანდრია ლილუაშვილს ჩამოართვეს დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.

  • სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას „ბრალად ედება ქრთამის აღება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე“.
  • მანამდე სუს-მა კორუფციის ბრალდებით, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის წევრებიც მისცა პასუხისგებაში. მათ შორის იყო ანდრია ლილუაშვილიც.
  • იგი 2025 წლის 23 ოქტომბერს დააკავეს.

ასევე ნახეთ

სპეცრაზმელები, მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები - რომელი გახმაურებული საქმეების სასამართლო სხდომები დაიხურა და რატომ