„სავარაუდოდ, აგვისტოში შემოვა ერთი მედიკამენტი. მეორე მედიკამენტზე, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, გაიწელა მოლაპარაკების პროცესი. რატომ და რა მიზეზით გაიწელა მოლაპარაკება, ამას ჯერ ვერ ვახმაურებთ, მაგრამ თავის ვადებს უახლოვდება ეს პროცესი - ამ თვის ბოლომდე შეგვიძლია მოვიცადოთ და დავიცვათ გაუხმაურებლობის მიზეზი“, - უთხრა წიქარიშვილმა რადიო თავისუფლებას.
პასუხს ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროდანაც - მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
წამლის მოთხოვნით მშობლები 40 დღეზე მეტის ხნის განმავლობაში ღამისთევით მართავდნენ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. მანამდე იყო ხანგრძლივი პროტესტი იმავე მოთხოვნით.
4 ივნისს კი მშობლებს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე - მათ მიიღეს დაპირება, რომ მედიკამენტს სახელმწიფო შემოიტანდა. ამ ეტაპამდე ხელისუფლება მედიკამენტების შესაძლო რისკებსა და საფრთხეებზე საუბრობდა. მშობლები პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მუდმივად ითხოვდნენ, თუმცა მხოლოდ მიხეილ სარჯველაძე შეხვდათ.
ასევე ნახეთ
"ღირსეულ და დიდ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია" - დიუშენის წამლების შეძენაზე კონკრეტული ჯგუფი იმუშავებს- დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე გენეტიკური კუნთოვანი დაავადებაა ბავშვებში.
- მსოფლიოში ყოველი 3000 ბიჭიდან 1 ამ სინდრომით იბადება.
- გოგოებში ეს დაავადება იშვიათია.
- დღეს მსოფლიოში დიუშენის სინდრომით დაახლოებით 250 ათასიდან 300 ათას ადამიანამდე ცხოვრობს. საქართველოში ამ დიაგნოზით სულ 100-მდე ადამიანი, მათ შორის, უმეტესობა ბავშვია აღრიცხული.
- ამ დაავადების პირველი ნიშნები 2-5 წლის ასაკში ჩნდება. ბავშვები გვიან იწყებენ სიარულს, უჭირთ სირბილი, ხშირად ეცემიან, უჭირთ კიბეზე ასვლა, სწრაფად იღლებიან თამაშისას.
- დროსთან ერთად დაავადებაც პროგრესირებს. უკვე 6-8 წლის ასაკში ბავშვს კიდევ უფრო მეტად უძნელდება სირბილი, ჩნდება კუნთების ძლიერი სისუსტე.
- 10 წლის ასაკიდან კი ბავშვების უმეტესობა სრულად კარგავს სიარულის უნარს. ისინი ეტლში აგრძელებენ ცხოვრებას. მალევე თავს იჩენს გულისა და ფილტვის დაზიანება და მოზარდებს სუნთქვის აპარატები სჭირდებათ.
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წლამდეა. თუმცა თანამედროვე მკურნალობის, ახალი მედიკამენტებისა და რეაბილიტაციის წყალობით, სიცოცხლის 10-20 წლით გახანგრძლივება შეიძლება.
- დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ ინიციირებული კამპანიის ფარგლებში 2 000 000 ლარზე მეტი შეგროვდა.