სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძება 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს".
სუსში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.
რა მოხდა?
24 და 25 ივლისს, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა. ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. გაითიშა GWP-ის სატუმბო სადგური, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს მცირე ხნით შეუწყდა წყალი.
რა გახდა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის მიზეზი, ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
25 ივლისს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“.