როგორც სომხეთის ხელისუფლების პრესსამსახური იუწყება, ფაშინიანმა მოსკოვს მოუწოდა, მიიღოს ზომები რუსეთის მიერ სომხეთის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. ერევნის შეფასებით, ეს ზომები წინააღმდეგობაში მოდის ორმხრივ შეთანხმებებთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წესებთან.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა "აქცენტი დასვა სომხეთში საყოველთაო რეფერენდუმის რაც შეიძლება მოკლე დროში ჩატარების აუცილებლობაზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენაზე".
სომხეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ფაშინიანმა ამის პასუხად თქვა, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას მერე, რაც ქვეყანა ოფიციალურ განაცხადს შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
რუსეთი ბოლო თვეებში აფართოებს შეზღუდვებს სომხეთის პროდუქციაზე. აკრძალვა შეეხო რძის პროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, ყვავილებს, ალკოჰოლს, მინერალურ წყალსა და თევზის პროდუქტებს. ივნისის შუა პერიოდში "როსსელხოზნადზორმა" გააფართოვა იმ პროდუქციის ნუსხა, რომლის შეტანაც აკრძალულია სომხეთიდან - სიაში შევიდა 130-მდე სახის პროდუქცია. ამას რამდენიმე რეგიონში პროტესტი მოჰყვა სომეხი გლეხებისგან.