27 ივლისს, უკრაინის საკითხებზე გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა აშშ-ის წარმომადგენელმა დატოვა, როცა საბჭოს საფრანგეთის წარმომადგენელი მიმართავდა - და თავისი ისტორიული მოკავშირე დაადანაშაულა "არაგულწრფელ პომპეზურობაში", საფრანგეთის მხრიდან აშშ-ის ჩრდილოეთ კორეასთან, რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებთან შედარებისთვის, ადამიანის უფლებების საკითხებზე ხმის მიცემის საფუძველზე.
ამ ნაბიჯს წინ უძღოდა შაბათ-კვირას შექმნილი დაძაბულობა უშიშროების საბჭოს ამ ორ მუდმივ წევრს შორის. პლატფორმაზე X საფრანგეთმა ვაშინგტონი მკაცრად გააკრიტიკა იმისთვის, რომ მან რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და კიდევ შვიდ ქვეყანასთან ერთად ხმა გაეროს ადამიანის უფლებების კომისრისთვის, ვოლკერ ტურკისთვის ვადის კიდევ ოთხი წლით გაგრძელების წინააღმდეგ მისცა.
გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა საფრანგეთს ბრალი დასდო ადამიანის უფლებების იმ კომისრის მხარდაჭერაში, რომელიც, მისი თქმით, აკრიტიკებს აშშ-ისა და ისრაელის მსგავს დემოკრატიულ სახელმწიფოებს და ლმობიერია მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ ქვეყნებთან. უოლცს თავისი ბრალდება არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საკითხზე გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გაეროში აშშ-ის ალტერნატიულმა წარმომადგენელმა, დენ ნეგრეამ თქვა, რომ აშშ-ის დელეგაცია საგფრანგეთის გამოსვლისას გავიდა, და კვლავაც ასე მოიქცევა მანამ, სანამ ისინი "უარს არ იტყვიან თავიანთ ქედმაღლურ და უპატივცემულო რიტორიკაზე". მისი თქმით, საფრანგეთის განცხადებები არის "პოლიტიზებული მიდებ-მოდება" და "არაგულწრფელი პომპეზურობა".
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი ვადის გაგრძელებას ტურკისთვის - რომელიც მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს და ისრაელის ნაბიჯებს ღაზაში, და გამოდის მოწოდებებით გამოძიებული იყოს ადამიანების სიკვდილის შემთხვევები აშშ-ის საიმიგრაციო პატიმრობაში. ტურკისთვის ვადის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთი, ისრაელი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ვაშინგტონი გამოდიოდა მუქარით, რომ გადასინჯავს თავის დაფინანსებას და მონაწილეობას.
ზომა, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა წარმოადგინა, დამტკიცა 144 სახელმწიფოს მხარდაჭერით. 10-მა ქვეყანამ ხმა წინააღმდეგ მისცა, 13-მა თავი შეიკავა.
ანალიტიკოსების აზრით, ტურკის მეორე ვადის გარშემო შექმნილი კონფლიქტი ასახავს მზარდ დაძაბულობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და გაეროს შორის. ვაშინგტონმა დაფინანსება შეუჩერა გაეროს სააგენტოებს და დატოვა გაეროს ათობით უწყება.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ გაეროს ადამიანის უფლებების კომისრის თანამდებობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს - როცა მსოფლიოს გარშემო ავტოკრატიები ძლიერდებიან.