პოლონეთმა „დეზინფორმაციის პრიმიტიული მცდელობა" უწოდა დასავლეთ უკრაინაზე პუტინის განცხადებას

პოლონეთის და ევროკავშირის დროშები

პოლონეთმა რუსეთის საინფორმაციო ომის გაგრძელებად შეაფასა ამ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ „ადრე თუ გვიან“ უკრაინა დაკარგავს დასავლეთ მიწებსაც.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო პუტინის მორიგი „ცრუ და დაუსაბუთებელი“ ვარაუდი უკრაინის მეზობლების „იმპერიალისტური მისწრაფებებისა“ და უკრაინის ტერიტორიების დანაწილების შესახებ.

ვარშავაში მიიჩნევენ, რომ პუტინის დეზინფორმაცია უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის ანტაგონიზმისა და დაძაბულობის გამოწვევის მორიგი მცდელობაა.

რა თქვა პუტინმა

26 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციით”(კრემლი ასე უწოდებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ) უწევთ „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენა, რადგან დონბასი ყოველთვის რუსეთის იყო.

კრემლის ამ პროპაგანდისტული ნარატივის მორიგ ჯერზე გამეორების გარდა, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა დაკარგავს დასავლეთ მიწებსაც: „იმასაც, რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, უნგრეთს ეკუთვნოდა, რუმინეთს ეკუთვნოდა. ადრე თუ გვიან, ხვალ და ზეგ თუ არა, ერთ, ორ, ათ, თხუთმეტ (წელიწადში) ისტორიულად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“.

რა გზით მოხდება ეს, პუტინს არ უთქვამს.

„დეზინფორმაციის პრიმიტიული მცდელობა“

რუსეთის პრეზიდენტის პასუხად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 27 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლონეთს უკრაინისთვის არ წაუყენებია და არც მომავალში წაუყენებს ტერიტორიულ პრეტენზიებს და სრულად აღიარებს, პატივს სცემს და ურყევად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იურიდიულად დადგენილ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოსკოვის ვარაუდს უკრაინის დასავლეთ მიწების ანექსიის შესაძლო გეგმების შესახებ, მათ შორის პოლონეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწოდა „დეზინფორმაციის პრიმიტიული მცდელობა“ და „საინფორმაციო ომის განუყოფელი ნაწილი“.

ვარშავაში მიიჩნევენ, რომ კრემლი მსგავსი მოქმედებებით ცდილობს ევროპელებში უთანხმოების გამოწვევას და საერთაშორისო ყურადღების გადატანას რუსეთის ძალადობრივი სამხედრო აგრესიიდან.

პოლონეთი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მეზობლებისთვის ტერიტორიული პრეტენზიების წაყენება.

ასევე ნახეთ

რატომ ვერ თანხმდებიან უკრაინელები და პოლონელები საერთო ისტორიაზე? – კანადელი ისტორიკოსის პასუხები