ისინი დამნაშავედ ცნეს ორი პოლიციელის მკვლელობაში, 8 იანვარს. სასამართლო პროცესის მსვლელობის დეტალები უცნობია.
სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც მოქალაქეთა ჯგუფი ამ ზომას აპროტესტებს. ისპაანიდან იუწყებიან დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებზეც. პროტესტის მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 28 ივლისს, დილით - რამდენიმე საათში მას მერე, რაც ირანში ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს საგანგებო მომხსენებელმა მაი სატომ თქვა, რომ გაეროს სპეციალისტთა ჯგუფი თეირანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სასიკვდილო განაჩენები ისპაანის საპროტესტო გამოსვლებთან მიმართებით. საერთო ჯამში, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 12 პირს, მათგან ოთხის განაჩენი უკვე აღსრულდა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მათი საქმეები არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
ირანში იანვარში მასშტაბურმა ანტისახელისუფლებო გამოსვლებმა იფეთქა, რომლებიც ძალის გამოყენებით ჩაახშეს. მოკლეს ათასობით მოქალაქე, მსხვერპლი იყო სამართალდამცავთა რიგებშიც. აქციების ათობით მონაწილეს მიუსაჯეს სიკვდილი. გაეროს მონაცემებით, დღეისათვის სიკვდილით დასჯილია 20-მდე პირი.
საერთო ჯამში, უფლებადამცველების შეფასებით, ირანში მიმდინარე წელს 300-ზე მეტი ადამიანი ჩამოახრჩვეს.