როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ბავშვმა დედას დაურეკა ძლიერი ტკივილის გამო და მომხდარის შესახებ უამბო.
შემთხვევა გუშინწინ, ღამით მოხდა სახლში, სადაც 14 წლის მოზარდთან ერთად ცხოვრობს მისი არასრულწლოვანი - 16 წლის და. ბიძა და დეიდა კი მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ.
თავის მხრივ, მომხდარის შესახებ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციას დამ უამბო. ორგანიზაციამ ფსიქოლოგიური დახმარების პარალელურად, დედა იურისტთანაც დააკავშირა.
კაცი პოლიციამ მალევე დააკავა. უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გაუპატიურების საქმეს იძიებენ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ამ მუხლის მე-4 ნაწილით (წინასწრი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) გათვალისიწნებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიძას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
“ვცდილობთ, ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს იურისტის, ფსიქოლოგისა და ჯანდაცვის სერვისით”, - ამბობს მაია ნასრაშვილი, ბავშვთა უფლებების, განათლების, მიგრაციის, გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული განვითარების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ პრეზიდენტი.
მისი თქმით, არასრულწლოვანს თბილისში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ერთ-ერთ ცენტრში ჩაუტარდა ექსპერტიზა და იქვე გაეწია ფსიქოლოგიური მომსახურება.
მოზარდებზე სქესობრივი ძალადობა - დაფარული დანაშაული
გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია სქესობრივ დანაშაულში არასრულწლოვან დაზარალებულთა რაოდენობა.
2025 წლის ივნისიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით, პროკურატურამ სქესობრივ დანაშაულში დაზარალებულად ცნო 200-ზე მეტი ბავშვი.
2022 წელი - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულისთვის დევნა დაიწყო 106 ადამიანის მიმართ. მათგან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული ჩადენილი ჰქონდა 24 ბრალდებულს - მამა, მამინაცვალი, პაპა, ბიძა; 2023 წელი - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულზე დევნა დაიწყო 102 ადამიანის მიმართ. ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული ჩადენილი ჰქონდა 15 ბრალდებულს - მამა, მამინაცვალი, პაპა, ბიძა; 2024 წლის პირველ ორ თვეში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დევნა დაიწყო 20 ადამიანის მიმართ. მათგან 6-ს დანაშაული ჩადენილი ჰქონდა ოჯახის წევრის მიმართ.
*თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ან ბავშვზე ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006
განახლება: სათაური შეიცვალა საქმეზე წარდგენილი სისხლის სამართლის მუხლის შესაბამისი ნაწილის გათვალისწინებით. თავდაპირველი სათაური იყო "მოზარდის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ ბიძას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება".