Wildberries-ის ცენტრი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - რიაზანზე დრონებით შეტევა იყო

2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებს დაარტყეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის 24 ივლისს პეტერბურგში.

გასული ღამის განმავლობაში და გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ რიაზანსა და მის შემოგარენში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ „სამრეწველო ტერიტორიებზე“ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

სხვა წყაროების ცნობით, დარტყმა იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე.

რა თქვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ

რიაზანის ოლქის გუბერნატორ პაველ მალკოვის მიერ სოციალური ქსელებით 29 ივლისს დილით გავრცელებული ცნობებით, ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 45 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ გამოიწვია ხანძარი „სამრეწველო ტერიტორიებზე“.

ქალაქ რიაზანში დაზიანებულია კერძო სახლი და არასაცხოვრებელი შენობა. დაშავდა 6 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მალკოვს არ დაუკონკრეტებია რომელ „სამრეწველო ტერიტორიაზე“ იყო დრონებით შეტევა.

სხვა წყაროები

მონიტორინგის უკრაინული არხის Exilenova+-ის ინფორმაციით, რიაზანში დარტყმა იყო ონლაინ-გაყიდვების კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე.

არხმა გაავრცელა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს ხანძრით გამოწვეული ძლიერი კვამლი Wildberries-ის საწყობების ტერიტორიაზე.

რიაზანის რაიონში Wildberries-ის ცენტრზე შეტევას ადასტურებს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ც.

თავად ონლაინ-გაყიდვების კომპანიამ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა მოკლე ცნობა, რომ რიაზანის ლოგისტიკის ცენტრიდან ევაკუაცია განხორციელდა.

  • 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებს დაარტყეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და პეტერბურგში.

გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ 29 ივლისს შეტევა იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, სადაც ხანძარია.

  • რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაშია.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ქარხანას ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის 15 მაისს.
  • მაისის შეტევის შემდეგ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რიაზანის ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

განახლება: 29 ივლისს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. გენშტაბის განცხადებით, ეს ქარხანა ჩართულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და არმიის მომარაგებაში.