RT-ის ყოფილი ხელმძღვანელი ქსენია ფიოდოროვა საფრანგეთიდან გააძევეს. Libération-ის ცნობით, 29 ივლისს პარიზის პოლიციამ მის ადვოკატს დეპორტაციის ორდერი გადასცა.
ორდერში ნათქვამია, რომ „მისი საქციელი ძირს უთხრის სახელმწიფოს ფუნდამენტურ ინტერესებს“ და საფრანგეთის ტერიტორიაზე მისი ყოფნა „ამ მიზეზით, განსაკუთრებით სერიოზულ და აქტუალურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისთვის“.
საფრანგეთი მიიჩნევს, რომ „თავისი ნარატივების გავრცელებით, [ქსენია ფედოროვა] მოქმედებს როგორც რუსეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანიების გამტარი“, რომლის მიზანია საფრანგეთში „საზოგადოებრივი წესრიგის დესტაბილიზაცია“.
ორდერში ნათქვამია, რომ მისი საქმიანობა „ხელს უწყობს დეზინფორმაციისა და დესტაბილიზაციის გავრცელებას“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და „ევროპელი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი საფრანგეთის მოქალაქეების, ნდობის შელახვას მათი ინსტიტუტების მიმართ“.
2022 წლის თებერვლის დასაწყისში ფრანგულმა მედიარეგულატორმა Arcom-მა დაიწყო გამოძიება RT France-ის წინააღმდეგ, ხოლო 2023 წლის იანვარში ქვეყნის ხელისუფლებამ დაბლოკა რუსული ტელეარხის საბანკო ანგარიში, რის შემდეგაც ფიოდოროვამ არხის დახურვის შესახებ განაცხადა. ის საფრანგეთში დარჩა და სამსახური მიიღო მემარჯვენე კონსერვატიულ ტელეარხ CNews-ში, სადაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, განაგრძობდა „რუსული სახელმწიფო მედიის თემების რეპროდუცირებას“.