"კომერსანტი": უკრაინული დრონების დარტყმების შემდეგ Wildberries ყაზახეთში ეძებს საწყობებს

უკრაინამ დრონებით დარტყმები განახორციელა Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე რუსეთის რამდენიმე რეგიონში.

უკრაინის მიერ რუსეთში სავაჭრო პლატფორმა Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე განხორციელებული დარტყმების სერიის შემდეგ კომპანიამ ყაზახეთში დაიწყო სასაწყობო ფართობის ძებნა. ამის შესახებ „კომერსანტი“ იტყობინება უძრავი ქონების ბაზრის ოთხ წყაროზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კომპანია განიხილავს დაახლოებით 100000 კვადრატული მეტრის ფართობის საწყობების იჯარით აღებას. სხვა წყარო ირწმუნება, რომ Wildberries „მზადაა ყაზახეთში ყველა ხელმისაწვდომი საწყობი დაიკავოს“.

თავად კომპანიამ განაცხადა, რომ ყაზახეთში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა უფრო ადრე დაიწყო და ეს არ არის დაკავშირებული ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან. ალმატიში შენდება 100000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის კომპლექსი, ხოლო ასტანაში შენდება 160000 კვადრატული მეტრის ობიექტი. Wildberries-მა აღნიშნა, რომ საქონელს სხვადასხვა საწყობებს შორის ანაწილებს ლოგისტიკური სტაბილურობისთვის და პარტნიორებისთვის კომფორტის გასაუმჯობესებლად.

როგორც „კომერსანტი“ აღნიშნავს, ყაზახეთში 100000 კვადრატული მეტრის ფართობის ერთი საწყობის პოვნა რთულია. ბაზარზე დაახლოებით 130000 კვადრატული მეტრი სასაწყობო ფართობია ხელმისაწვდომი, მაგრამ ისინი სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს.

გამოცემის წყაროები ასევე აცხადებენ, რომ რუსეთში საწყობების მფლობელები გაზრდილი რისკების გამო ერიდებიან Wildberries-თან პარტნიორობას. მათი თქმით, სტანდარტული სადაზღვევო პოლისები არ ფარავს დრონების თავდასხმებით გამოწვეულ ზარალს.

უკრაინა 18 ივლისიდან ახორციელებს დარტყმებს Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებდა, რომ ეს ობიექტები გამოიყენებოდა დრონების, სანავიგაციო აღჭურვილობისა და სხვა სამხედრო ტექნიკის საწარმოებლად საჭირო სანქცირებული კომპონენტების მიწოდებისთვის. თავდასხმების დაწყების შემდეგ, Wildberries-მა თავისი ვებსაიტიდან წაშალა განყოფილება „ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“, თუმცა სამხედრო საქონელი კვლავ ხელმისაწვდომია კომპანიის სხვა კატეგორიებში.

ასევე ნახეთ

Wildberries-ის ცენტრი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - რიაზანზე დრონებით შეტევა იყო