პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ექიმებმა, მაკა იოსელიანმა და ანა ქავთარაძემ თქვეს, რომ ელენე ხოშტარიას აქვს ანთებითი სპონდილოართრიტი - მათი განმარტებით, ეს ანთებითი პროცესი აზიანებს არამხოლოდ ხერხემალს, არამედ პერიფერიულ სახსრებსაც.
მათივე ცნობით, ამ დიაგნოზის ეჭვი მათ გამოკვლევების დაწყებამდეც ჰქონდათ,
„ამ პერიოდში, მიღწეული იყო ტკივილის შემსუბუქება, სიმპტომური მართვა, საბოლოოდ, კოლეგები შევჯერდით დიაგნოზზე, რომელზეც ეჭვი გვქონდა, ელენეს ციხეში ყოფნისას და დაიგეგმა შემდგომი მკურნალობა“, - ამბობენ ისინი და აღნიშნავენ, რომ მკურნალობა ხვალიდან, 31 ივლისიდან დაიწყება.
- პოლიტიკოსის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცნობილი გახდა 17 ივნისს, როცა მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა. იმავე დღეს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყება განმარტავდა, რომ პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“;
- ელენე ხოშტარია პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 29 ივნისს გადაიყვანეს. მკურნალობის პროცესს მისი ექიმები მაკა იოსელიანი და ანა ქავთარაძე მართავენ - კლინიკის მხოლოდ ინფრასტრუქტურაა გამოყენებული;
- პოლიტიკოსის „ვივამედში“ გადაყვანის შემდეგ ხოშტარიას ექიმმა, ანა ქავთარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველა ჩატარებული კვლევის ფინანსური ხარჯი პენიტენციურმა სამსახურმა გაწია;
- კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში, 8 ივლისს მის ფეისბუკგვერდზე მისი სახელით გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც ეწერა, რომ უკვე დაწყებული იყო ტკივილის მართვა;
- ხოშტარია უკვე 11 თვეა პატიმრობაშია. მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპონენტის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო;
- ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის: „მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“;
- პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 5000-ლარიანი გირაო.