ესპანეთმა სამხედროები გაგზავნა ანკლავ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამო

მაროკოდან გადმოსული მიგრანტები ესპანეთის ნახევრადანკლავ სეუტის საზღვართან. 2026 წლის 31 ივლისი

ესპანეთის მთავრობამ სამხედროები გაგზავნა თავის ნახევრადანკლავში, მაროკოსთან მოსაზღვრე ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, სადაც მწვავე კრიზისი გამოიწვია მაროკოს ტერიტორიიდან მიგრანტების მასობრივმა გადასვლამ.

ბოლო ორ დღეში ხმელეთით და ზღვით მაროკოდან სეუტაში ათასობით მიგრანტი გადავიდა.

ზღვის გადაცურვის მცდელობისას ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

31 ივლისს სააგენტო Reuters-მა ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სეუტაში დაახლოებით 49 ათასმა მიგრანტმა შეაღწია.

სეუტის ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი 84 ათასამდეა.

მაროკოდან წამოსული მიგრანტები ცდილობენ სეუტაში შეღწევას. 2026 წლის 31 ივლისი

ესპანეთის ავტონომიური ქალაქის მეთაურმა ხუან ხესუს ვივასმა განაცხადა, რომ სეუტაში სერიოზული მიგრაციული კრიზისია, მიგრანტების მიმღებ ცენტრებში ადგილი აღარ არის და საჭიროა დაუყოვნებლივი და კოორდინირებული რეაგირება.

ესპანური გამოცემა El País-ის ცნობით, 30-დან 31 ივლისის ღამე სუეტის პარკებსა და ქუჩებში გაათენა ათასობით მიგრანტმა.

ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტაში ჩავიდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებული მოქმედებისთვის. მადრიდმა მაროკოსთან საზღვრის დასაცავად და ქალაქში წესრიგის უზრუნველსაყოფად გაგზავნა ესპანეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

ესპანეთის არმიის სამხედროები სეუტაში. 2026 წლის 31 ივლისი

  • მაროკო სატრანზიტო ქვეყანაა აფრიკიდან ევროპაში მიგრაციისთვის, სეუტა კი დასავლეთ ევროპაში მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტია.

სააგენტო AFP წერს, რომ მიგრანტების ამჟამინდელი ნაკადი ყველაზე მასშტაბურია 2021 წლიდან, როცა სეუტის საზღვრის გარღვევას 10 000-ზე მეტი ადამიანი ცდილობდა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ 30 ივლისს განაცხადა, რომ მხარს უჭერს ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას, რადგან არალეგალური და უკონტროლო მიგრაცია ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. ტაიანიმ გააკრიტიკა მადრიდის პოლიტიკა, ესპანეთის და შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეობა მიეცა საერთო ჯამში, 500 ათასზე მეტი მიგრანტისთვის.

ესპანური გამოცემის, El País-ის ცნობით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს იტალიის ელჩი.

სეუტაში შექმნილმა ვითარებამ მწვავე პოლიტიკური დავა გამოიწვია თავად ესპანეთში. მემარჯვენე ოპოზიციამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოითხოვა.

გამოცემა The New York Times-ი წერს, რომ ესპანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით თავს არიდებს მიგრაციულ კრიზისში მაროკოს დადანაშაულებას და ხაზს უსვამს კონტროლის სფეროში მაროკოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.