პოლონეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა რაკეტის შეჭრის გამო

რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი პოლონეთში. 30 ივლისი, 2026 წელი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა. დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც 30 ივლისს პოლონეთის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ რეგიონში ჩამოვარდა რაკეტა, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დღეს, 31 ივლისს.

„დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა გუშინ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით“, - დაწერა მან X-ზე.


მანამდე პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა ტელეკომპანია TVN24-თან ინტერვიუში თქვა, რომ ეს იყო რუსული ფრთოსანი Х-101.

რაკეტამ ღრმული დატოვა პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 80 კილომეტრში - ლუბლინის რაიონში, სოფელ ტარნავა-კოლონიასთან დაუსახლებელ ადგილას.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ 30 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უცხო ობიექტის შესვლის გამო ინციდენტის არეალში გაიგზავნა გამანადგურებელი F-16, თუმცა ობიექტი რადარიდან ამოცნობამდე გაქრა და ჩამოვარდა.

ასევე ნახეთ

პოლონეთმა „დეზინფორმაციის პრიმიტიული მცდელობა" უწოდა დასავლეთ უკრაინაზე პუტინის განცხადებას