ისრაელმა ტრამპის შეთანხმება უნდა დაამტკიცოს, სანამ ჰამასი მას შეასრულებს, აცხადებს ჰამასის წარმომადგენელი

კარვების ბანაკი ჰასაინას დანგრეულ მეჩეთთან ქალაქ ღაზაში, ნავსადგურის არეალში. მარტი, 2026 წელი. ორზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედების შედეგად ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად დანგრეულია, ორი მილიონიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ზღვისპირა ზოლში ცხოვრობს კარვებში.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ღაზაში მშვიდობის დამყარების შესახებ გამოცხადებული შეთანხმების განხორციელება დამოკიდებული იქნება ისრაელის მიერ გასულ წელს მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, განუცხადა 31 ივლისს ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა Reuters-ის სააგენტოს.

თავის Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა გამოაცხადა „მნიშვნელოვანი ეტაპი“ ღაზაში ომის დასრულებისკენ და თქვა, რომ მისმა „მშვიდობის საბჭომ“ მიაღწია შეთანხმებას ჰამასის ( აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ.

განცხადება მოჰყვა თვეების განმავლობაში წარუმატებელ ძალისხმევას, შეენარჩუნებინათ გასულ წელს ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და არ იყო ნათელი, თუ რამდენად ემხრობოდა მას ჰამასი ან ისრაელი.


შეთანხმების მიღწევის წინა მცდელობები ჩაიშალა ორმხრივი უნდობლობის და ორივე მხარის დაჟინებული მოთხოვნის ფონზე, რომ მეორე მხარე უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი.

დონალდ ტრამპმა პარასკევს ასევე განაცხადა, რომ ისრაელი „ძალიან კმაყოფილია“ მისი ე.წ. „მშვიდობის საბჭოს“ მიერ მიღწეული შეთანხმებით.

ჰამასმა 31 ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეთანხმებისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ისრაელის მიერ „მკვლელობების შეჩერებისა და თავდასხმების დასრულების“ ვალდებულება.

ასევე 31 ივლისს ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელის პოზიცია უცვლელი რჩება, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალები ყვითელი ხაზიდან საერთოდ არ გავლენ, თუ ჰამასი ნამდვილად არ განიარაღდება“, რაც ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში შეთანხმებულ სამხედრო დემარკაციის ხაზზე მიუთითებს.

ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ღაზის სამედიცინო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთი პალესტინელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული სულ მცირე ორი საჰაერო დარტყმისა და სროლის შედეგად.

ისრაელის სამხედროებისგან კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაკეთებულა.


ჰამასის წარმომადგენელმა, ღაზი ჰამადმა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ჯგუფი მზად იყო მიეღო შეთანხმება, რომელიც მისი თქმით, „რთული და მტკივნეული“ იყო.

თუმცა, მან თავი აარიდა ტერმინის „განიარაღება“ გამოყენებას და თქვა, რომ შეთანხმება წარმოადგენდა „ყოვლისმომცველ ჩარჩოს“, რომელიც დამოკიდებული იქნებოდა ისრაელის მიერ შარმ ელ-შეიხის შეთანხმების პირველი ფაზის განხორციელებაზე.

ამ შეთანხმებით, თქვა მან, ისრაელი ვალდებული იყო შეეწყვიტა თავდასხმები ღაზაში და გაეყვანა თავისი ძალები იქ, სადაც ისინი ოქტომბერში იყვნენ, ასევე გაეზარდა ანკლავში შემომავალი საქონლისა და დახმარების ნაკადი. მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებოდა ჰამასი, რომ თავისი იარაღი გადაეცა ღაზის ადმინისტრაციის ახალი "ღაზის სექტორის მართვის ეროვნული კომიტეტისთვის" (NCAG) - პალესტინის ტექნოკრატიული ორგანოსთვის, რომელიც ანკლავის სამართავად შეიქმნა.


პარასკევს, NCAG-მა გამოაქვეყნა 15-პუნქტიანი საგზაო რუკა, რომელიც მოუწოდებს როგორც ისრაელს, ასევე ჰამასს, სხვა პალესტინურ ფრაქციებთან ერთად, სრულად განახორციელონ შარმ ელ-შეიხის შეთანხმება, კერძოდ, ღაზაში სამხედრო ოპერაციების დასრულება.

ტრამპი ვაშინგტონში 28 ივლისს შეხვდა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელსაც ოქტომბერში არჩევნები ელის, რომლის დროსაც შესაძლოა მას მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერა დასჭირდეს, რომლებმაც ღაზასთან დაკავშირებით წინა შეთანხმებები უარყვეს.

ისრაელის წყაროს ცნობით, ღაზის საკითხი ნეთანიაჰუსა და ტრამპის შეხვედრის დროს არ განხილულა.


ასევე ნახეთ

ტრამპმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია ჰამასის განიარაღების „ისტორიული შეთანხმება“