დღეს, 31 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები, რომელიც ასახავდა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად ხეების ბელვას, ნაჩვენები იყო ერთი მოჭრილი ხეც.
მოგვიანებით მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განაცხადა, რომ "ერთ-ერთ ვიდეომასალაში ნაჩვენებია მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიანი ჭადარი, რომელსაც ჩაუტარდა სხვლა-ფორმირება, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია მიწის საფარის ნაწილის მოხსნა და არსებობდა ხის მდგრადობის დარღვევისა და წაქცევის საფრთხე. სპეციალისტების რეკომენდაციით, ჩაატარა ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები, რაც მის უსაფრთხოდ შენარჩუნებას უზრუნველყოფს".
მერიის სამსახურის განცხადებით, გეგმავენ რუსთაველის გამზირზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან კიდევ ერთი ჭადრის გადაბელვას.
"ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა", - ნათქვამია მედიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არცერთი ჯანსაღი მრავალწლიანი ხის მოჭრა არ იგეგმება და ასევე აპირებენ დამატებით გამწვანებით სამუშაოს.
- დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო
- რეაბილიტაციის დასრულების თარიღად თბილისის მერმა 2026 წლის ნოემბრის ბოლო დაასახელა;