კოლეგები ექიმ გოგი ჩახუნაშვილს სთხოვენ დათანხმდეს საპროცესო შეთანხმებას და თავის პაციენტებს დაუბრუნდეს

გოგი ჩახუნაშვილი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ცნობილ პედიატრს, 72 წლის ექიმ გოგი ჩახუნაშვილს მისი კოლეგა მედიკოსები მოუწოდებენ დათანხმდეს საპროცესო გარიგებას. პირველ აგვისტოს ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და საგანგებო ბრიფინგზე გოგი ჩახუნაშვილს სთხოვეს, დაფიქრდეს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგან ის მის პაციენტებს სჭირდებათ.

ექიმების განცხადებით, უსამართლობაა უდანაშაულო ადამიანის პატიმრობაში ყოფნა, სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ გოგი ჩახუნაშვილი ამ დათმობაზე უნდა წავიდეს.

"გვჯერა თქვენი სიმართლის და უდანაშაულობის. პატივს ვცემთ თქვენს შინაგან სიმტკიცეს, ღირსებას და უფლებას, დაიცვათ საკუთარი პოზიცია...ამავე დროს, როგორც თქვენი კოლეგები და მეგობრები, გულწრფელად გთხოვთ, დაფიქრდეთ იმ გზებზე, რომლებიც შესაძლოა მოგცემთ შესაძლებლობას, კვლავ დაუბრუნდეთ თავისუფლებას - თქვენს ოჯახს, თქვენს პაციენტებს, თქვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო საქმიანობას...გთხოვთ, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისას კიდევ ერთხელ აწონ-დაწონოთ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა“, - წერია ექიმების მიმართვაში.

სასამართლოს მიერ 19 ივნისს გოგი ჩახუნაშვილისათვის 5-წლიანი პატიმრობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა არაერთხელ გააპროტესტეს.

ასევე ნახეთ

გლდანის ციხესთან ექიმ გოგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
  • 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
  • მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი საპატიმრო განაჩენი გამოუცხადა „4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის“ საქმეში ბრალდებულ კიდევ 6 ადამიანს: დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და ია დარახველიძეს (ეს უკანასკნელი საზღვარგარეთაა).
  • პროფესორმა ჩახუნაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს აქციაზე იყო მისული, ხოლო როცა ვითარება აირია, პრეზიდენტის სასახლის ეზოში მხოლოდ ექიმის მოვალეობის შესრულებას ცდილობდა და ბოდიშს ვერ მოიხდის იმაზე, რაც არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ

"თუ არ არის ინდივიდუალური ძალადობა, ჯგუფური როგორღა მოხდა?!" - რა [არ] ჩანს პროკურატურის ვიდეომტკიცებულებებში 4 ოქტომბრის საქმეზე