ანაკლიის მომავალი პორტის აკვატორიაში შემოვიდა პირველი დამღრმავებელი გემი

დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha)

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოების ჩასატარებლად მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა - ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოსაწყობად მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილ პროცედურებს გაივლის.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება.

მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ასრულებს ქართველ პარტნიორებთან ერთად.

როგორც ივლისის დასაწყისში გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული "ლენდლორდის" მოდელით აშენებს.

ეს მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.

„ საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, მთავრობა უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაპირველი პროექტით, პირველი გემი ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო. სწორედ იმ წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება გაწყვიტა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" [ADC], რომელმაც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წელს დაკარგა, შედიოდნენ: „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ი (ნიდერლანდი),Wondernet Express-ი (ბრიტანეთი), შპს G-Star-ი (ბულგარეთი), Conti International-ი (აშშ) და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი.

მაშინ ოფიციალურ მიზეზად მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. თავად კონსორციუმი კი სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე ლაპარაკობდა. ამ საქმეზე სახელმწიფომ ორი საარბიტრაჟო დავა მოიგო.

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.
  • 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებდა.
  • 2024 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა.

ასევე ნახეთ

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება